სახალხო დამცველი პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ბრალდებებს პასუხობს 

06 სექტემბერი 2017, 00:00 2030 ნახვა

სახალხო დამცველი  ე.წ. „ციანიდის საქმის“ ერთ-ერთი პროკურორის საჯარო განცხადებას ეხმაურება. უჩა ნანუაშვილი ჯარჯი წიკლაურს მოუწოდებს არასწორი განცხადებებისგან თავი შეიკავოს, სახალხო დამცველის კონსტიტუციურ მანდატს კი პატივი სცეს. მისივე თქმით, არაპროფესიონალური დამოკიდებულება, პირველ რიგში, თავად პროკურატურის რეპუტაციას ლახავს.

„სამწუხაროა, როდესაც საჯარო თანამდებობის პირებს ავიწყდებათ კონსტიტუციის ჩანაწერი, რომლის მიხედვით, სახალხო დამცველის მთავარი ფუნქციაა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მონიტორინგი.  სახალხო დამცველი აღჭურვილია სრული უფლებამოსილებით, სასამართლო პროცესის მონიტორინგის შედეგები საზოგადოებას პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე გააცნოს. 
სახალხო დამცველს არ შეუცვლია მოსამართლის განაჩენი, ასევე, არ მიუთითებია მოსამართლისთვის რა კონკრეტული ღონისძიებები უნდა გაეტარებინა საქმის განხილვისას. არამედ, საქართველოს სახალხო დამცველმა საზოგადოებას გააცნო შედეგები მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რაც პირდაპირ გამომდინარეობს კონსტიტუციიდან და ორგანული კანონიდან“ - წერია განცხადებაში.

უჩა ნანუაშვილი თქმით, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილეს უდანაშაულობის პრეზუმპციის არსი უნდა ესმოდეს. პროკურატურის უსაფუძვლო ბრალდებები კი სახალხო დამცველის მიერ საკუთარი უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელებამ გამოიწვია. 

„ჩვენი უწყება ერთადერთი იყო, ვინც საზოგადოებას თავიდანვე აწვდიდა ინფორმაციას გიორგი მამალაძის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შიმშილობის მიზეზების შესახებ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სხდომების სრულად დახურვის საფუძველი მოცემულ საქმეში არ გამოკვეთილა. მესამე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა თავისუფლად იქნებოდა შესაძლებელი პროცესის ნაწილობრივი დახურვის შედეგად“ - წერია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში