დღეს ''მთავარი 9''-ზე ნახავთ

06 სექტემბერი 2017, 00:00 2143 ნახვა

ხულოში მეოთხე დღეა ხანძარს ებრძვიან. მთელი დღეა ცეცხლის ჩაქრობას ცოცხალი ძალა, დაახლოებით 800 მეხანძრე-მაშველი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და მოხალისეები ცდილობენ. ხანძრის ლოკალიზების პროცესში ჩართულია ორი ვერტმფრენი, მათ შორის ერთი თურქული. ამ დროისთვის, სამუშაოები შეჩერებულია და ხვალ დილიდან განახლდება. შტაბის წევრები აცხადებენ რომ ცეცხლის დასახლებულ პუნქტამდე მიღწევის საფრთხე არ არსებობს - სტიქიის მეოთხე დღე და პირდაპირი ჩართვა ბოლო ინფორმაციით, მთა შავნაბადიდან - მთავარში 9-ზე.

წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიის იერსახის შეცვლაზე პასუხისმგებლობას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იღებს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობას რეკონსტრუქცია უნებართვოდ ჩაუტარდა. ამაზე 3 წლის წინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აჭარის სააგენტომ პასუხისმგებლობა მოიხსნა. ეროვნულ სააგენტოში კი აცხადებენ რომ საქმე სამართალდამცავებს გადაეცა. სამართლებრივი შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა. მღვდელმთავარის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი და კადრები ისტორიიდან – ჯენი კვანტალიანი მოგვიყვება დეტალებს.

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ფასები გაზრდილია სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტზე. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო მოსახლეობას ამშვიდებს, პარლამენტარი მმართველი გუნდიდან კი ეროვნულ ბანკს უფრო აგრესიული მოქმედებისკენ მოუწოდებს. განსხვავებულია ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის პოზიცია. რამ გამოიწვია ლარის გაუფასურება? არსებობდა თუ არა წინაპირობა? ეკონომიკის ექსპერტების და ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციები – ვრცლად გიამბობთ ნახევარ საათში.

მოძრავი საფრთხე ქუჩებში. მძღოლები, რომლებიც კუსტარულად დამონტაჟებული აირბალონებით გადაადგილდებიან, შესაძლო საფრთხეზე თავადაც საუბრობენ, გადაწყვეტილებას კი სხვა სახეობის საწვავის სიძვირით ხსნიან. პრობლემაა მომეტებული საფრთხეების მქონე ობიექტების რეესტრს მიღმა, უკონტროლოდ დარჩენილი გაზგასამართი სადგურები.  გიორგი წეროძე არკვევდა ვინ ამოწმებს, ვინ აკონტროლებს და როგორია ამ მხრივ სამართლებრივი რეგულაცია.

ხვალ ბათუმში ,,ოდესა-ბათუმი ფოტოდღეებიგაიხსება. ,,დღეს და ხვალ’’ – ასე ჰქვია საერთაშორისო ფესტივალის 2017 წლის თემას.  მოეწყობა 7 გამოფენა. დაგეგმილია ღამის 3 ფოტო ჩვენება და მუსიკალური პერფონმანსები. წლევანდელ ფესტივალში 8 ქვეყნის ხელოვანი მონაწილეობს.  პროგრამის შესახებ უფრო ვრცლად მთავარში 9-ზე მოგიყვებით.

ეს ამბები, ასევე, რა თქმა უნდა, ამინდის პროგნოზი და სპორტი ნახეთ მთავარში 9-ზე.

ამავე კატეგორიაში