დაზიანებული  „შუახევი ჰესის“  გვირაბი და კომპანიის პასუხი

20 სექტემბერი 2017, 00:00 5996 ნახვა

„შუახევი ჰესის“ წყალგამტარი გვირაბის ნაწილობრივ ჩამოშლასთან დაკავშირებით მშენებელი კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია”  განმარტებას აკეთებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ  ამ ეტაპზე მიზეზის დადგენა მიმდინარეობს. კომპანიაში ამბობენ, რომ არსებული ვითარება ჰესის ექსპლუატაციაში შესვლას ხელს არ შეუშლის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. 

„კომპანიისა და მოწვეული ექსპერტების მიერ დეტალური მოკვლევა მიმდინარეობს, თუ რამ გამოიწვია გვირაბის ამ მცირე მონაკვეთის დაზიანება.  ამ ეტაპისთვის სამუშაო ჯგუფი  ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებს. სამუშაო პროცესი მალე დასრულდება და ჩვენ  ზუსტი ინფორმაცია გვექნება. მშენებლობის დროს  კომპანია დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა, რომ სამუშაოები უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიხედვით  განხორციელებულიყო. შექმნილი მდგომარეობა გვირაბის ექსპლუატაციაში შესვლას ხელს არ შეუშლის. რადგან  გვირაბის 1,7 % არის დაზიანებული, ხოლო  98,3 %  არის სრულ  სამუშაო მდგომარეობაში.  ჩვენთვის არ არის ცნობილი, რომ  გვირაბის ამ მცირე  ნაწილის დაზიანებამ გამოიწვია მოჭარბებული ტენიანობა სოფელ ღურტასთან  ახლოს.    სხალთიდან  დიდაჭარის მიმართულებით გვირაბი არის მშრალი. მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა, მოხდება აღნიშნული მონაკვეთის დათვალიერება. მოსახლეობას  საფრთხე არ ემუქრება“ - ნათქვამია განცხადებაში.

სხალთა-დიდაჭარის მონაკვეთში,  აგვისტოში მთის ფერდობის ის ნაწილის ჩამოიშალა, სადაც “შუახევი ჰესის” წყლის გამტარი გვირაბი გადის. ობიექტი 2 თვის მანძილზე სატესტო რეჟიმში მუშაობდა. შემთხვევა ექსპლუატაციაში შესვლამდე მოხდა. ინფორმაცია პირველად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა. გვირაბის ჩამოშლის ფაქტი „აჭარისწყალი ჯორჯიაში” დაადასტურეს, თუმცა მიზეზებზე ვერ საუბრობენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.  “შუახევ ჰესის” მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლები კი გასახლებას ითხოვენ.

" target="_blank">

ამავე კატეგორიაში