პრემიერ-მინისტრი: „რუსეთი საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას აგრძელებს, რითაც საერთაშორისო ვალდებულებას არღვევს“

22 სექტემბერი 2017, 00:00 1888 ნახვა

„ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, რითაც არღვევს არაერთ საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც მას აკისრია, მათ შორის, უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალური ასამბლეის ათობით რეზოლუციას“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა რომ, მიმდინარე წელს რუსეთმა  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისა და  ანექსიის პოლიტიკა გაააქტიურა.

„რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა საოკუპაციო ხაზების განმტკიცება მავთულხლართების, სანგრების, ე.წ. სასაზღვრო ნიშნულებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების მეშვეობით. მავთულხლართები კი ზოგიერთის კარ-მიდამოს უბრალოდ შუაზე ჰყოფს.დაუცველი ჯგუფები, რომლებიც აქამდე, მაგალითად, სამედიცინო დახმარების მისაღებად, ან ბავშვები, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულ მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მისაღებად გადმოდიოდნენ მეორე მხარეს, დღეს ამას ვეღარ ახერხებენ, რადგან ე.წ. გადამკვეთი პუნქტები დაიხურა“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ემხრობა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ზედმიწევნით ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რასაც რუსეთის მხრიდან საპასუხო ქმედება არ მოჰყოლია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ლიდერებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს მუდმივი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების მოძიებისკენ, დამოწმებულია არაერთი ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.  ყოველ წელს გაეროს გენერალური ასამბლეა იღებს რეზოლუციას, სადაც კიდევ ერთხელ აცხადებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებული რეგიონებიდან ლტოლვილთა უფლებას, დაბრუნდნენ შინ. საქართველო მადლობას მოახსენებს გაეროს ამ მხარდაჭერისთვის, მაგრამ ყოველივე ეს ჯერ ვერ იქცა რეალობად ასობით ათასი ჩემი თანამემამულისთვის, რომლებიც მოუთმენლად ელიან შინ დაბრუნებას და მაინც ვერ ბრუნდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ გაეროს მხოლოდ ერთი წევრი სახელმწიფო უარს ამბობს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე“ - აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

ამავე კატეგორიაში