საქართველოს პრეზიდენტი: ოკუპირებულ სოფელ ერედვში რუსეთის დაფინანსებით დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევა მიმდინარეობს 

22 სექტემბერი 2017, 00:00 1979 ნახვა

ოკუპირებულ სოფელ ერედვში რუსეთის ფედერაციის დაფინანსებით დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ საოკუპაციო ძალა ვანდალურ ქმედებებს ახორციელებს. „ეს არის 2008 წელს განხორციელებული ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელება და ქმედება  ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისაკენაა მიმართული“ - ნათქვამია დოკუმენტში.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც განხორციელდა ეთნიკური წმენდა, საოკუპაციო ძალა ახორციელებს მორიგ ვანდალურ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ. ოკუპირებულ სოფელ ერედვში რუსეთის ფედერაციის დაფინანსებით ხდება დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევა, რაც მიზნად ისახავს ქართული მოსახლეობის კვალის ამოშლას საქართველოს ამ ძირძველი ტერიტორიიდან. ეს არის დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ უმკაცრესი შეფასება უნდა მისცეს“, -აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში