”ეს იყო ომი აფხაზებისა და ქართველების წინააღმდეგ. ომი, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს“ -გიორგი კვირიკაშვილი

27 სექტემბერი 2017, 00:00 2808 ნახვა

"ეს იყო ძმათამკვლელი ომი, უდიდესი მსხვერპლითა და ოკუპირებული ტერიტორიებით. ასობით ათასი ადამიანი საკუთარ მიწა-წყალზე დევნილად იქცა“ - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოხუმის დაცემის დღეს ეხმაურება. 1993 წლის 27 სექტემბერი ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკული თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - წერს   ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გიორგი კვირიკაშვილი.  

"დღეს 24 წელი შესრულდა სოხუმის დაცემის დღიდან. ეს არის დღე, რომელიც ომის დამანგრეველ და გამანადგურებელ ძალას გვახსენებს. ამ ომში ქართველებმა და აფხაზებმა აუნაზღაურებელი დანაკარგი განვიცადეთ. ეს იყო ომი აფხაზებისა და ქართველების წინააღმდეგ. ეს იყო ომი, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს. ჩვენ გვახსოვს ომი და ყოველთვის გვემახსოვრება იგი, როგორც უმძიმესი გამოცდილება ქართველებისა და აფხაზებისთვის. ამ ომს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები შეეწირნენ. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას.

ბოლო 24 წლის განმავლობაში სწორედ მათი ბრძოლა და თავგანწირვა იყო მაგალითი იმ ბიჭებისთვის, რომლებსაც შემდეგში, სამწუხაროდ, არაერთხელ მოუწიათ ქართული მიწისთვის თავდადება. ჩვენ ვამაყობთ მათით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ აღარ გავიმეოროთ წარსულის შეცდომები.ჩვენ ომმა გაგვყო, მაგრამ მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა ჩვენს ძმებთან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ, აღვადგინოთ ის ძმობა და სიყვარული, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს ყოველთვის აკავშირებდა, აღვადგინოთ ნდობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია წინსვლა. მინდა დავარწმუნო ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები, რომ ჩვენ საერთო მომავალი გვაქვს. ჩვენ მხოლოდ ერთიანი ძალით ავაშენებთ ისეთ ქვეყანას, რომელშიც ჩვენი შვილები თანხმობითა და კეთილდღეობით იცხოვრებენ. ჩვენ შეგვიძლია ერთად შევქმნათ უკეთესი ქვეყანა“- წერია გიორგი კვირიკაშვილის წერილში.

ამავე კატეგორიაში