პოლიციის ყოფილი უფროსი: დარწმუნებული ვარ აქცია ღოღობერიძის მიერ წინასწარ დაგეგმილი იყო

03 ოქტომბერი 2017, 00:00 5776 ნახვა

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, კახაბერ ბუხრაძე მერაბ ღოღობერიძეს ბათუმში მომხდარი არეულობის დაგეგმვასა და ორგანიზებაში ადანაშაულებს. ბუხრაძე სასამართლოში ჩვენებას აძლევს.

"ღოღობერიძე ჩემს კაბინეტში,  როგორც არასამთავრობოს ხელმძღვანელი ისე ​გავიცანი​. მთხოვა, რომ მართვის მოწმობა არ მაქვს და გამითვალისწინეთო. ასევე, მთხოვდა  აჭარაში მომუშავე პატრულის თანამშრომლები არ დამექვეითებინა. მოგვიანებით, ვაიბერში გამომიგზავნა ორი ტრაილერის ფოტო და მთხოვა გამეტარებინა, რაზეც უარი ვუთხარი. ამის შემდეგ დაიწყო მერაბმა სოციალურ ქსელში ჩემი დისკრედიტაცია" - ყვება სასამართლო დარბაზში კახაბერ ბუხრაძე.  

ბუხრაძე 11 მარტის მოვლენებსაც იხსენებს. მისი თქმით, მას ჯერ გოჩა შავაძემ, შემდეგ კი მერაბ ღოღობერიძემ დაურეკეს. "11 მარტს მერაბმა დამირეკა და მთხოვა შეხვედრა, იქნებოდა დღის 4 საათი, ვუპასუხე, რომ მივდიოდი თბილისში და ორშაბათამდე ვერ შევხვდებოდი. რის შემდეგაც მითხრა, გაგიკეთებ იმას რასაც დაგპირდიო. ამის შემდეგ დაიწყო პლაზასთან არეულობა. დარწმუნებული ვარ ეს ღოღობერიძის მიერ წინასწარ დაგეგმილი იყო, რაკი დარწმუნდა, რომ ადგილზე არ ვიყავი" - ყვება ბუხრაძე. 

აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსის განცხადებით, აჭარლები თათრებად არ მოუხსენებია. კახაბერ ბუხრაძის თქმით, მას აჭარის მოსახლეობასთან კარგი დამოკიდებულება აქვს, კუთხურობის ნიშნით კი, ადამიანებს არ ასხვავებს.

11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით მერაბ ღოღობერიძე ერთ-ერთია, რომელსაც გამოძიება მასობრივი არეულობის ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს. მასთან ერთად, ამ ბრალდებით კიდევ ერთი პირი ირაკლი ჩხვირკიაა  დაკავებული. 

ამავე კატეგორიაში