მრევლმა იმამის გათავისუფლება გააპროტესტა - დანისპარაულის მეჩეთში ლოცვა არ ჩატარდა

20 ოქტომბერი 2017, 00:00 3869 ნახვა

ხულოში, დანისპარაულის მეჩეთში პარასკევის ლოცვა არ ჩატარდა, ამ ფორმით მრევლმა დანისპარაულის იმამის ამირან პაპიძის გათავისუფლება გააპროტესტა. ადგილობრივებმა საშუალება არ მისცეს დიდაჭარიდან გადმოსულ სასულიერო პირს ლოცვა ჩაეტარებინა. 

დანისპარაულის იმამს უფლებამოსილება საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ გუშინ შეუჩერა, მიზეზად კი იმამის პოლიტიკაში წასვლა დაასახელა. 

იმამი ამირან პაპიძე ხულოს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატია დანისპარაულიდან, იგი ოპოზიციურმა პარტიამ "ევროპულმა საქართველომ" წარადგინა. პაპიძე აცხადებს, რომ მუფთმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ის ოპოზიციური პარტიის კანდიდატია. 

მოგვიანებით, მრევლის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, მეჩეთში ლოცვა პოლიტიკაში წასულმა იმამმა მაინც აღავლინა, თუმცა იმ პირობით, რომ სამუფთოს წარმომადგენლები ადგილზე ამოვიდოდნენ და სიტუაციას გაარკვევდნენ.  

ხულოში ეს პირველი იმამი არაა, რომელიც პოლიტიკაში წავიდა. კიდევ ერთი სასულიერო პირი, იმამი ავთანდილ გაბაიძე "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატია. გაბაიძემ უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე თავად დაწერა სამუფთოში განცხადება. 

კიდევ ერთი მუსლიმი სასულიერო პირი უკვე სამი წელია პოლიტიკაშია,  თუმცა მას უფლებამოსილება არ შეჩერებია. 

დღეს დანისპარაულში ხულოს მუფთი ასალნ აბაშიძე იმყოფებოდა. მისი განმარტებით, აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია.  რელიგია და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს. კითხვაზე რატომ არ შეუჩერდა სამი წლის განმავლობაში ერთ-რთ იმამას უფლებამოსილება? მუფთმა განაცხადა, რომ ეს შეცდომა იყო. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში