შსს დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდებს, საპოლიციო ძალების განლაგებასთან დაკავშირებით ინტერპრეტაციებისგან თავი შეიკავონ

21 ოქტომბერი 2017, 00:00 2766 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, საპოლიციო ძალების განლაგებასთან დაკავშირებით ინტერპრეტაციებისგან თავი შეიკავოს. „არჩევნების დღეს საპოლიციო ძალები, წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, პრევენციისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, განლაგებულნი არიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთან, პერიოდულად ხორციელდება მათი გეგმიური როტაცია, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ვთხოვთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს აღნიშნულ საკითხზე დამატებითი ინტერპრეტაციებისგან“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დღეს ინტერპრესნიუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარნეულში სპეცრაზმია მობილიზებული. სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მარნეულში, პოლიციის შენობასთან ორი ე.წ. ყვითელი ავტობუსებით მივიდნენ. ავტობუსების გარდა ესკორტში არის რამდენიმე სპეცდანიშულების მანქანაც. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე არ გამოჩენილან. ამის შესახებ მოგვიანებით კომენტარი ცესკოს სპიკერმაც გააკეთა. ანა მიქელაძის განცხადებით, უბნების გარე პერიმეტრზე არსებული ვითარების შესახებ ცესკო ინფორმაციას არ ფლობს.

ამავე კატეგორიაში