ერთ დღეში გადაბირებული უმრავლესობა შუახევში

21 ნოემბერი 2017, 00:00 2961 ნახვა

ფარული კენჭისყრა, არა ტრადიციული, არამედ მარტივად იდენტიფიცირებადი გეომეტრიული ფიგურებით - სამკუთხედით, ოთხკუთხედით, ცილინდრისებურად და წრით - გიორგი დავითაძის სახელი და გვარი დღეს 20-მა დეპუტატმა შემოხაზა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის მიერ, კენჭისყრამდე გაცხადებული ეჭვი, რომ მმართველი გუნდის დეპუტატები, გამგებლობის კანდიდატისთვის ხმის მიცემას განსხვავებული ფორმით დააფიქსირებდნენ – შეიძლება ითქვას გამართლდა.

სოსლან ზოიძე ჯერ კიდევ გუშინ აცხადებდა, რომ ეს დეპუტატებზე განხორციელებული ზეწოლის შედეგია და ამ ფორმით მათი მხარდაჭერის იდენტიფიცირება გამარტივდა. ორდღიანი დაპირისპირების და ხმაურის ფონზე, პარტიამ შეთანხმებას მიაღწია და ის დეპუტატები, რომლებიც გუშინ წინააღმდეგი იყვნენ, მხარდამჭერების რიგებში გადაიბირა.
 

განმეორებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგად შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე გახდა. “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ კანდიდატს დღეს არათუ მმართველი პარტიის, არამედ ოპოზიციის, “ევროპული საქართველოს” დეპუტატმაც დაუჭირა მხარი. მას გუშინ ერთი ხმა დააკლდა, დღეს კი საჭირო 13-ის ნაცვლად 20 მიიღო. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში