გიორგი გახარია: ადგილი ჰქონდა სახანძრო უსაფრთხოების უხეშ დარღვევას 

25 ნოემბერი 2017, 00:00 2743 ნახვა

"ამ დროისთვის დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილია 11 ადამიანი, 19  კი გადის მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში და მათი მდგომარეობა დამაიმედებელია" - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგებზე საუბრისას. 
მინისტრი ამბობს, რომ სასტუმროში მიმდინარეობს მეორადი კონტროლი, სამაშველო სამსახურის მიერ.  

"ხდება ყველა ოთახის მეორადი კონტროლი, რომ ყველაფერი შემოწმდეს, სადმე არ დარჩეს არც ერთი ადამიანი. დაახლოებით 2 საათში ამ რეიდის დასრულების შემდეგ გვეცოდინება საბოლოოდ გარდაცვლილთა შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია" - განაცხადა გახარიამ. მინისტრის ინფორმაციით, ხანძარი მეოთხე სართულზე გაჩნდა, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. სასტუმროში მყოფი ადამიანები, ბლოკირებული აღმოჩნდნენ მეშვიდე სართულზე. 

მინისტრმა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. გიორგი გახარია მადლობას უხდის მაშველ-მეხარნძრეებს გამოჩენილი სიმამაცისთვის. "მათი მამაცი საქციელის შედეგია 100-მდე გადარჩენილი ადამიანი". მინისტრმა საქმის გამოძიებაზეც ისაუბრა, მისი განცხადებით გამოძიება გადაკვალიფიცირდა და სახანძრო უსაფრთხოების დარღვევის მიმართულებით გაგრძელდა. 
გახარიას თქმით, "ადგილი ჰქონდა სახანძრო უსაფრთხოების უხეშ დარღვევას".

ამავე კატეგორიაში