ბიუჯეტის პროექტი აჭარის მთავრობას ხვალ დაუბრუნდება

28 ნოემბერი 2017, 00:00 1945 ნახვა

წუთიერი დუმილით დაიწყო უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა. დეპუტატებმა პატივი მიაგეს სასტუმრო ''ლეოგრანდში'' ხანძრის დროს დაღუპულთა ხსოვნას. რაც შეეხება დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, ასამდე შენიშვნით 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი აჭარის მთავრობას ხვალ დაუბრუნდება. გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე დღეს მიიღეს. კომისიების დასკვნებში 30-მდე რეკომენდაცია, დანარჩენი კი ფრაქცია ''ერთიან ნაციონალურ მოძრაობას'' ეკუთვნის. უმრავლესობის შენიშვნებს შორისაა რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებისთვის ტრანსფერების გაზრდა. საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თქმით, დაახლოებით 23 მილიონით არის დაფინანსება შემცირებული. შენიშვნებს შორის არის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ უფრო მეტი შესაწამლი აპატის შეძენა, ვიდრე ბიუჯეტით არის გათვალისწინებული.

ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ მავნებელთან საბრძოლველად სახელმწიფო პროგრამა უნდა შემუშავდეს. აზრთასხვადასხვაობა იყო რამდენიმე უწყებაში შტატების დამატების საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობის ინიციატივაში ''ნაციონალური მოძრაობა'' პარტიული აქტივისტების დასაქმების მცდელობას ხედავს. კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობამ ორი კვირის ვადაში უნდა დაუბრუნოს. ოპოზიციისგან განსხვავებით უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ მთავრობა მათ შენიშვნებს გაითვალისწინებს. დღესვე 2017 წლის ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს. დოკუმენტი ხარჯვით ნაწილში 91%, შემოსულობები კი გადაჭარბებით არის შესრულებული.   

ამავე კატეგორიაში