სპეცოპერაცია ესპანეთში-23 დაკავებულიდან 19 ქართველია

29 ნოემბერი 2017, 00:00 3856 ნახვა

სპეცოპერაცია კატალონიასა და მადრიდში, დაკავებულია 23 პირი. მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 19 საქართველოს მოქალაქეა. ქართული მაფიის წევრების დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ესპანური მედიაც. დაკავებულებს შორის ე.წ. კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის ძმის, კახა შუშანაშვილის ცოლი, კატერინა მიერკოვაა, - ამის შესახებ ესპანური გამოცემა ,,ელ პაისი" იუწყება.

გამოცემის ცნობით, დაკავებული ქართული კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელია. როგორც პოლიციაში აღნიშნეს, ის დანაშაულებრივი ჯგუფის ე.წ. საერთო სალაროდან ყოველთვიურად 6 ათას ევროს იღებდა. მათივე ინფორმაციით, ესპანეთში, კერძოდ, კატალონიასა და მადრიდში ქართული მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია დღეს დილიდან მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი ძირითადად ყაჩაღობით, გამოძალვითა და ფულის გათეთრებით იყო დაკავებული. ოპერაცია, სახელწოდებით ,,ნეაპოლი", რომელიც დამნაშავეთა ჯგუფის დასაკავებლად 2 წელია მიმდინარეობს, 12 მისამართზე ჩატარდა.

რეიდები 2016 წლის იანვარში ბარსელონასთან ახლოს ორი ადამიანის მკვლელობით დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი მოკლული გელა გარიშვილია, რომელიც ესპანეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების მეთაურის მცველი იყო. მიმდინარე წლის იანვარში კი მადრიდის პოლიციამ 61 ქართველის დაკავება დაადასტურა, რომლებიც მაფიის წევრები იყვნენ და სახლების გატეხვითა და ყაჩაღობით იყვნენ დაკავებულები. სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. 

ამავე კატეგორიაში