გავლენიანი გამოცემები ჩატაევის ლიკვიდაციის შესახებ წერენ

02 დეკემბერი 2017, 00:00 2166 ნახვა

• სტამბოლის აეროპორტზე გასულ წელს განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ჩატაევი, თბილისში ერთი კვირის წინ, 20-საათიანი სპეცოპერაციის დროს დაიღუპა - წერს “ბი-ბი-სი”.  გამოცემა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ  ჩატაევმა ალყაში მოქცეულ ბინაში თავი აიფეთქა. “ბი-ბი-სი” ამავე უწყების წარმომადგენლის, ნინო გიორგობიანის განცხადებას აქვეყნებს, რომლის თანახმად გამოძიების პროცესში ქართველ სამართალდამცავებს დახმარება აშშ-ის კონტრტერორისტული სამსახურის ექსპერტებმა გაუწიეს.

• ნინო გიორგობიანმა, გასულ კვირას თბილისის გარეუბანში მიმდინარე ოცსაათიანი სპეცოპერაციის დროს, აჰმედ ჩატაევის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა - წერს ''ნიუ-იორკ თაიმსი''. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ გიორგობიანმა ჩატაევთან ერთად დაღუპული ორი თანამებრძოლისა და ერთი დაკავებულის ვინაობის გასაჯაროებაზე უარი განაცხადა და ასევე არ განუმარტია მათი მოტივი და საქართველოში მოხვედრის გზები. გამოცემაში ასევე აღნიშნულია, რომ გაერო-ს სასანქციო სიაში ჩატაევი „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიანი ფიგურად არის დასახელებული, რომელიც რუსულენოვანი მებრძოლების წვრთნაზე იყო პასუხისმგებელი.

• სტამბოლის აეროპორტში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის სულისჩამდგმელი საქართველოში მოკლეს, -ასეთი სათაურით აქვეყნებს მასალას თურქული სააგენტო ანადოლუ. სააგენტო იტყობინება, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ თბილისში 22 ნოემბერს ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს მოკლულ სამ ეჭვმიტანილს შორის აჰმედ ჩატაევი იყო. ''ანადოლუ-ს'' თანახმად, თურქეთის ხელისუფლებამ წარმოშობით ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქე, 37 წლის ჩატაევი 2016 წლის 28 ივნისს აეროპორტზე „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული თავდასხმის ორგანიზატორად დაასახელა. ასაფეთქებელი მოწყობილობებითა და ცეცხლსასროლი იარაღით მოწყობილ თავდასხმას მაშინ 46 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

ამავე კატეგორიაში