ხულოში ხანძარი ლიკვიდირებულია 

03 დეკემბერი 2017, 00:00 3845 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტუნაძეებში ცეცხლი ლიკვიდირებულია - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, "შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილისკენ დაუყოვნებლივ გაემართნენ ხულოს - 3, შუახევის - 1 და ქედის - 1 სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის შედეგად, სოფელ ტუნაძეებში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ერთ-ერთი შენობა სოფლის საჯარო სკოლის დროებით ფართს წარმოადგენდა, რადგან სოფელში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

სამაშველო - სახანძრო ბრიგადებთან ერთად ადგილზე მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები. ხანძრის გავრცელებამდე მოხერხდა სკოლის ინვენტარის ნაწილის გადარჩენა. შემთხვევის ადგილზე იმყოფება ხულოს მერი გოჩა მელაძე, რომლის განცხადებითაც ხანძრით დაზარალებული ორი ოჯახი გადაყვანილი იქნება უსაფრთხო ადგილზე.

ხვალიდან კი ოჯახების დროებით ქირით უზრუნველყოფა მოხდება. სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში 107 ბავშვი სწავლობს, რომელთა გადანაწილება მოხდება ან ახლო მდებარე სკოლაში, ან ახალ ალტერნატიულ ფართში. მოსწავლეთა სხვა სოფელში გადანაწილების შემთხვევაში, მოხდება მათი ტრანსპორტით უზრუნველყოფა. მომხდარის გამო, რამდენიმე დღე სასწავლო პროცესი შეწყდება. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის, ხანძარი ლიკვიდირებულია" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე კატეგორიაში