კიევში სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია გაიმართება

10 დეკემბერი 2017, 00:00 2283 ნახვა

დღეს კიევში "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები საპროტესტო მარშს გამართავენ, რომელზეც  უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვენ. საპროტესტო აქცია რამდენიმე დღის წინ თავად მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა. ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მომხრეებს განუცხადა, რომ მარშზე თავადაც გავიდოდა, თუმცა, რამდენიმე საათში ის ხელმეორედ დააკავეს.

მოგვიანებით, მისმა ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ სააკაშვილის მხარდამჭერებს წაუკითხა წერილი, რომელშიც ის მომხრეებს მოუწოდებს, დაგეგმილ მარშს შეუერთდნენ. აქცია ადგილობრივი დროით 12:00 საათზე კიევის შევჩენკოს პარკში დაიწყება. მიხეილ სააკაშვილი 8 დეკემბერს ღამით უკრაინაში პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ბინაში დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, სადაც მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. უკრაინის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით  მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობას მოითხოვს. სასამართლო ამ საკითხზე ხვალ იმსჯელებს.

ამავე კატეგორიაში