''სამარშუტო ტაქსების მძღოლები გასცდნენ კანონის ფარგლებს'' - ბათუმის მერი

08 იანვარი 2018, 00:00 12985 ნახვა

"მძღოლები გადაცდენილები არიან სამართლებრივ ჩარჩოებს, ისინი ვალდებულები იყვნენ დალოდებოდნენ საკრებულოს გადაწყვეტილებას" - ასე შეაფასა ლაშა კომახიძემ ბათუმში სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ნაწილის გადაწყვეტილება ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით.  ორი დღეა მძღოლები მგზავრებს 40  თეთრის ნაცვლად 50 თეთრს ახდევინებენ. ს​ამომავლოდ კი მერიისგან ტარიფის 60 თეთრამდე მომატებას ითხოვენ. 

ქალაქის მერი წერს, რომ მერიაში სამარშრუტო ტაქსების მძღოლების წერილი შევიდა ტარიფის მომატების მოთხოვნით, თუმცა მერიის პასუხის გარეშე, მძღოლებმა გადაწყვეტილება თვითნებურად,  კანონის დარღვევით მიიღეს. 

"გასული წლის 27 დეკემბერს მერიაში შემოვიდა ოთხი შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოსგან წერილი ახალი წლიდან მგზავრობის ტარიფების 60 თეთრამდე გაზრდასთან დაკავშირებით. 29 დეკემბერს მერიისგან წერილობით ეცნობათ, რომ მათი თხოვნის საფუძველზე, მერია იწყებს საკითხის განხილვას. მათ ასევე ეთხოვათ წარმოედგინათ კალკულაციები შესაბამისი დადასტურებით, მანამდე კი, არავითარ შემთხვევაში არ გაეძვირებინათ ფასი და ემოქმედათ ძველი ტარიფის პირობებში.  რა თქმა უნდა, თავად კომპანიებს ტარიფის თვითნებურად გაზრდის უფლება არ გააჩნდათ" - წერს ბათუმის მერი ფბ გვერდზე. 

მერიის ინფორმაციით, 2017 წლის 2 მარტის #112-ე დადგენილებით  M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე ტარიფებს ქალაქის საკრებულო განსაზღვრავს. შესაბამისად, სამარშრუტო ტაქსები უნდა დალოდებოდნენ საკრებულოს შეკრებას და გადაწყვეტილებას ტარიფთან დაკავშირებით.

"შეხვედრაზე პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად გავუსვი ხაზი იმას, რომ ისინი გადაცდენილები არიან სამართლებრივი ჩარჩოებიდან და ვთხოვე მათ, საკითხის ოფიციალურ განხილვამდე, გაესაუბრონ მძღოლებს, რათა დაუბრუნდნენ 40 თეთრიან ტარიფს. პარალელურად, მოამზადონ საკუთარი კალკულაცია, გათვლები და დადასტურებული პასუხი, თუ რატომ ითხოვენ ფასის გაძვირებას. იმავე საკითხზე მუშაობს მერიის სატრანსპორტო განყოფილებაც და უახლოეს საკრებულოს სხდომაზე წარვადგენთ ორივე მხარის მოსაზრებას ტარიფებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც გადაწყვეტილების მიღება საკრებულოს პრეროგატივა იქნება“ - განაცხადა ლაშა კომახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

ამავე კატეგორიაში