აჭარის მთავრობას გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის არასრულად გაცემისთვის უჩივიან

11 იანვარი 2018, 00:00 2472 ნახვა

რა თანხას ხარჯავს აჭარის მთავრობა წარმომადგენლობით ხარჯებზე?  ამ კითხვაზე არასრული პასუხის მიღების გამო ნაციონალური მოძრაობა სასამართლოს მიმართავს. „არაერთხელ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია მთავრობის აპარატიდან სტუმრებზე გაწეული ხარჯები შესახებ, რა დელეგაციები ჩამოდიოდა და ა.შ.  ვინაიდან ვერ მივიღეთ ეს ინფორმაცია, დღეს სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი, იქნებ ზემდგომი ინსტანციისგან მაინც მივიღოთ პასუხი“ – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ასმათ დიასამიძე.

დეპუტატი ფიქრობს, რომ აჭარის მთავრობას არ სურს გაასაჯაროვოს ინფორმაცია, რადგან, სავარაუდოდ, ეს თანხები წინასაარჩევნოდ დახარჯა.

„მათ მომხრეებზე, პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, ვინც ჩამოდიოდა ალბათ, მათი დახვედრა-გასტუმრების ხარჯებია. როცა არ გაძლევენ ინფორმაციას,გრჩება შთაბეჭდილება რომ რაღაცა იმალება?“ –  ამბობს ასმათ დიასამიძე, რომელმაც სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანა.

აჭარის მთავრობა ენმ-ის სარჩელს ეხმაურება. მთავრობაში ამბობენ, რომ  ინფორმაცია სასამართლოზე მიმართვის შესახებ  მედია საშუალებით გახდა ცნობილი. "რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემას, მთავრობის აპარატს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართავენ სხვადასხვა ორგანიზაციები, მოქალაქეები და არასდროს არ შექმნილა პრობლემა, მითუმეტეს სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაშიც ინფორმაცია მთავრობის აპარატის მიერ გაიცა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ვფიქრობთ, რომ სრული ინფორმაცია მივაწოდეთ იმ განცხადების საფუძველზე, რა განცხადებითაც მოგვმართეს. აქვე ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ დაზუსტების მიზნით ქალბატონ ასმათს არ მოუმართავს მთავრობის აპარატისთვის. თუ მას დამატებით რაიმე ინფორმაცია ჭირდებოდა, შეიძლებოდა მარტივად განცხადების შემოტანა დაზუსტების თაობაზე. თუმცა ეს მოწმობს, რომ სასამართლოსთვის მიმართვა ამ შემთხვევაში პოლიტიკურ შინაარს ატარებს" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აჭარის მთავრობამ გაავრცელა. 

ამავე კატეგორიაში