''მე თქვენზე ჯერ ხელი არ ჩამიქნევია'' - ბათუმის მერი ისტორიული ქალაქის დამცველებს

23 იანვარი 2018, 00:00 5066 ნახვა

რას ითხოვენ ისტორიული ქალაქის დამცველები და რას პასუხობს ქალაქის ახალარჩეული მერი ლაშა კომახიზე?

გუშინ საზოგადოება "ბათომმა"  კულტურული მემკვიდრეობის დამცველების სახელით მიმართვა გამოქვეყნა, მოქალაქები ისტორიული ბათუმის ურბანული ქსოვილის შენარჩუნებას ითხოვენ.  ასევე, ქალაქის ახალარჩეულ მერს, ლაშა კომახიძეს სთხოვენ, ისტორიული ქალაქის შესანარჩუნებლად შემოიღოს  ისტორიული დაცვის ზონა შესაბამისი სამშენებლო რეგულაციებით.

ასევე, მოქალაქეები ითხოვენ, ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის მუშაობის პერიოდში გაცემული ნებართვების შეჩერებას და გადახედვას. ამ ნებართვების საფუძველზე მხოლოდ იანვრში (ფარნავაზ მეფის, ბარათშვილის და ზ.გამსახურდიას ქუჩებზე) სამი ისტორიული ბელეტაჟი დაინგრა, მის ნაცვლად კი, პროექტების მიხედვით,  ექვსი და შვიდ სართულიანი  სახლები აშენდება. 

"ბათომის" გუშინ გამოქვეყნებულ მიმართვაში წერია -" სადავო არ არის, რომ ურბანულ კრიზისამდე მიყვანილ მდგომარეობას ამძიმებს ნებისმიერი დანგრეული შენობა, რომელიც პირდაპირპროპორციულია ძველი ქალაქის  ფასეულობებისა და თვითმყოფადობის განადგურების. 

ორგანიზაცია „ბათომის“ და ისტორიული  ქალაქის დამცველებისთვის უცნობია კიდევ რამდენი ისტორიული სახლის დანგრევის „კანონიერი“ ნებართვაა გაცემული თქვენ მერობამდე. 

დანგრეული სახლების თაობაზე რამდენჯერმე ახსენეთ, რომ ამ სახლების დანგრევის ნებართვა თქვენი მერობის პერიოდში არ გაცემულა, თუმცა თქვენ ხართ მემკვიდრე ბათუმის მერიის ყველა გადაწყვეტილების და გაქვთ ქალაქისა და მოქალაქეების ღირებულებების დაცვის ვალდებულება.

უნდა გადაიხედოს მშენებლობისა და დემონტაჟის ნებართვები, რომლებიც ძველი ბათუმის ტერიტორიაზე გაიცა და ჯერჯერობით სისრულეში არ არის მოყვანილი. მერიამ უნდა შეძლოს და ქალაქის შენარჩუნებისთვის მოძებნოს საკანონმდებლო საფუძველი ამ ნებართვების გაუქმებისთვის, შესთავაზოს მენაშენეებს ალტერნატივა".

ასევე, ორგანიზაციის წევრები მოითხოვენ ისტორიული ზონის დამტკიცებას, რადგან თვლიან, რომ: "ისტორიული განაშენიანება შედგება როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ასევე ასეთი სტატუსის არმქონე, ე.წ. ფონური, ისტორიული შენობებისგან. ყველა ის ბელეტაჟი თუ ორსართულიანი სახლი, რომელიც ქმნის ძველი ბათუმის ქუჩების ხასიათს და დინამიკას, უნარჩუნებს ქალაქს მის პირვანდელ სახეს და განწყობას. თუ ამ შენობებს დავანგრევთ, გავანადგურებთ ქალაქის ისტორიულ კონტექსტს. ცალკე აღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი კი არ ქმნის ქალაქის ურბანულ ქსოვილს, არამედ მთლიანი განაშენიანება.  ამიტომ აუცილებელია სწორედ ეს ისტორიული, ურბანული განაშენიანება ვაღიაროთ მემკვიდრეობად და ყველაფერი გავაკეთოთ მის შესანარჩუნებლად".

წერილს ქალაქის მერმა გვიან ღამით, ფბ გვერზე უპასუხა. მერი თვლის, რომ ისტორიული ქალაქის დამცველები მტრის ხატს ქმნიან და მათ შედეგზე ორიენტირებული დიალოგი არ სურთ. მერი ფიქრობს, რომ ეს საზოგადოება აგრესიულ ფონს ქმნის და საზოგადოების გრძნობებზე მანიპულირებს.

"მეგობრებო, რატომ იქცევით ასე? ყოველ ახალ ჯერზე რატომ ცდილობთ შექმნათ აგრესიული ფონი? რატომ ცდილობთ საზოგადოების გრძნობებზე მანიპულირებით (მანიპულაცია და სხვა არაფერია როდესაც პოზიციას აწვდით ცალსახად, თქვენთვის სასურველი ინტერპრეტაციით) დაამკვიდროთ მტრის ხატი? ეგებ იმიტომ რომ მტრის გარეშე დარჩით და დაიბენით?! ახალს ეძებთ?! არ იცით როგორ იცხოვროთ ასეთ რეალობაში და თანამშრომლობისთვის გამოწვდილ ხელს კბენთ და ღრნით?! რა არის ეს? საკუთარი უუნარობის გამოვლენა თუ იმის წამოცდენა რომ არა ხართ მოწოდებული პრობლემის მოგვარებაზე? დაფიქრდით ამაზე... კითხეთ სხვასაც, გვერდიდან უკეთესად ჩანს როგორ გამოიყურებით. კარგი, გადავდოთ გვერდზე ეს საკითხი...

მოკლედ, კეთილისმსურველებო, ზოგიერთისგან განსხვავებით მე ვიცი როგორ შეიძლება გრანტების მოზიდვა... ამიტომ უკვე ვსაუბრობ ერთ-ერთ მსხვილ დონორ ორგანიზაციასთან რამოდენიმე მილიონიანი გრანტის (დადასტურებულის და არა პერსპექტივაში!) ბათუმის ისტორიული უბნის რეაბილიტაციაზე დახარჯვის თაობაზე. ღმერთის დახმარებით მივიყვან ბოლომდე ამ საქმეს (ეს არ არის ადვილი და მოითხოვს დროს) და გულწრფელად მჯერა (რატომღაც ერთი კაცის სიტყვები გამახსენდა „არ გაბლაყვდე, არ დეიჯერო ჯოოო!“ ეს იყოს პროლოგი ჩვენი მომავალი შეხვედრისთვის რომელსაც ამ პოსტით ვაანონსებ შემდეგ კვირაში (მოგვიანებით დაგიზუსტებთ თარიღს და დროს). შეხვედრისა, რომელზეც მოვიწვევთ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ასევე სხვადასხვა თემატური ორგანიზაციისა და მთავრობის წევრებს. ეს იქნება შეხვედრა პრეზენტაცია მერიის მიდგომებისა ქალაქის კულტურული და ისტორიული განაშენიანების დაცვისა და განვითარების მთავარ ასპექტებზე შემდეგი 4 წლის განმავლობაში. პრეზენტაცია კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და პროექტების რომელზეც მუშაობა დაწყებულია ჩემი უფლებამოსილების პირველივე დღიდან და რომელიც იმედი მაქვს მნიშვნელოვან გარდატეხას შეიტანს თქვენს ცნობიერებაში - მე თქვენზე ჯერ ხელი არ ჩამიქნევია" - წერს ქალაქის მერი. 

ამავე კატეგორიაში