ცვლილებები აჭარის კონსტიტუციაში - განხილვა დახურულ კარს მიღმა

30 იანვარი 2018, 00:00 2757 ნახვა

აჭარის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მორიგი შეხვედრა დღეს საორგანიზაციო კომისიის წევრებმა აღმსარულებელი ხელისუფლების, მინისტრთა კაბინეტისა და ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებთან გამართეს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე განხილვის პროცესით კმაყოფილია და  ამბობს, რომ საკითხებზე, რაც მოსახლეობას აწუხებს,  საორგანიზაციო კომისიაში იმსჯელებენ. მოქალაქეები ითხოვენ, რომ ყველა მუნიციპალიტეტს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი წარმომადგენელი  ჰყავდეს.

რა სისტემით ჩატარდება უმაღლესი საბჭოს არჩევნები - მოდელის განსაზღვრა  საკანონმდებლო ორგანოს ექსკლუზიური უფლებაა. კონსტიტუციის პროექტში  შერეული სისტემაა გაწერილი, თუმცა მოსაზრებები  გუნდშიც განსხვავებულია. პროპორციულ სისტემას მხარს უჭერს დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ პეტრე ზამბახიძე.

დახურულ კარს მიღმა გამართულ სამუშაო შეხვედრაზე   საჯარო განხილვები შეაჯამეს და მოქალაქეთა პოზიციები შეაჯერეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საბოლოო  პროექტი მათი პოზიციების გათვალისწინებით  შემუშავდება.   აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით,  ცვლილებებით რეგიონის კომპეტენციები და უფლებამოსილებები, ასევე, უმაღლესი საბჭოს წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულება და კონტროლის მექანიზმებიც იზრდება.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს  მოადგილე არ ეყოლება, რეგიონის პირველი პირის ფუნქციას კი, მისი არ ყოფნის დროს, მინისტრთა კაბინეტის რომელიმე წევრი შეითავსებს.   შეთანხმება მიღწეულია მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ფორმატზეც. პროცესებს  დადებითად  აფასებს  საორგანიზაციო  კომისიის წევრი თენგიზ თევზაძე.  

საჯარო განხილვები დასრულდა, შემაჯამებელი შეხვედრაც გაიმართა, თუმცა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კიდევ ერთი შეხვედრის გამართვას სტუდენტებთან  აპირებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში