სახალხო დამცველი ჩაბუქის ექსტრადირებაზე: “საერთაშორისო სამართლის პრინციპები დაირღვევა”

05 თებერვალი 2018, 00:00 2270 ნახვა

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ხვალ მიიღებს. სასამართლოს უკვე მიმართა პროკურატურამ ექსტრადირების დასაშვებობასთან დაკავშირებით.

როგორც ჩაბუქის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალინდელ პროცესთან დაკავშირებით დაცვის მხარეს დიდი იმედი არ აქვს. მისივე თქმით, ის მზადაა ექსტრადირების გადაწყვეტილების შემთხვევაში საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს. ჩაბუქის საქმეზე სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლო მეგობრის სახელით მიმართა.

როგორც ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოსაზრებაში დაფიქსირებულია ის გარემოებები და განმარტებები, თუ რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ექსტრადირების მოთხოვნა. მისი თქმით, ჩაბუქის ექსტრადირება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ლომჯარია ამბობს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადირების შემთხვევაში, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ჩაბუქის დევნას პოლიტიკური ნიშნით, ვინაიდან წარდგენილი ბრალდება არის ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადი.

თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით ძებნილი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის მოთხოვნით 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასაექსტრადიციო პატიმრობა აგვისტოში შეუფარდა. პატიმრობის ვადა 23 თებერვალს ეწურება. ჩაბუქის დაკავებას არაერთი საპროტესტო აქცია მოჰყვა საქართველოში. 

ამავე კატეგორიაში