ინვესტიცია რეკრეაციული ზონის ნაცვლად

12 თებერვალი 2018, 00:00 2956 ნახვა

ქობულეთელების ნაწილი ზღვასთან ახლოს საინვესტიციო პროექტს აპროტესტებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ტერიტორიაზე, რომელიც კომპანია "კრისტალ  ბილდინგმა" შემოსაზღვრა, რეკრეაციული ზონის მოწყობას გეგმავდნენ.

აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლების საპროტესტო აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრებიც მივიდნენ და  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კომპანიასთან გარიგებაში დაადანაშაულეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ კომპანია "კრისტალ ბილდინგი'', რომელიც 200 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს ამ ტერიტორიაზე, თანხები არ აქვს. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ კომპანიამ ფოთში საკანალიზაციო სისტემის ტენდერი მოიგო, თუმცა ამ დრომდე არ მოუწესრიგებია.

მოგვიანებით მოქალაქეებთან "კრისტალ ბილდინგის'' წარმომადგენლები მივიდნენ და მოქალაქეებს პროექტი გააცნეს, რომლის მიხედვით, შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური შენობა აშენდება, მოპირკეთდება  მიმდებარე ტერიტორია და ზღვაზე გადასასვლელი აიგება, რომლითაც ადგილობრივებიც ისარგებლებენ.

ტერიტორია აუქციონის წესით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა. უწყებაში ამბობენ, რომ აუქციონში "კრისტალ ბილდინგმა'' ყველა პირობა დააკმაყოფილა და გაიმარჯვა.

სამინისტროს იურისტის განცხადებით, კომპანიამ ვალდებულებების ნაწილი შეასრულა და ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების შენობის ოთხივე  ხედის ესკიზი წარმოადგინა. კომპანიამ  მშენებლობა აპრილში უნდა დაიწყოს და 2021 წელს დაასრულოს.  ჯამში, სამინისტროსთან გაფორმებული  ხელშეკრულებით, 20 მილიონი დოლარის ინვესტიციაზეა საუბარი. 

საკითზე კომენტარი ქოულეთის მერმაც გააკეთა. ნაციონალური მოძრაობის წევრებს  მირიან ქათამაძემ "პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიის წევრები" უწოდა. რეკრეაციული ზონის თაობაზე განმარტებები არ გაუკეთებია.  განაცხადა, რომ მოცულობითი ინვესტიციები  რეგიონისთვის მნიშვნელოვანია. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში