''2018 წელი დეპუტატის სარგო 4500 ლარი, პედაგოგის 330'' - ოპოზიციის პროტესტი და დაპირისპირება

15 თებერვალი 2018, 00:00 2481 ნახვა

"2013 წელს დეპუტატის ხელფასი 2700 ლარი, ბაღის პედაგოგის 330

2018 წელი დეპუტატის სარგო 4500 ლარი, პედაგოგის 330"  

ამ შინაარსის სტიკერი, დღეს, 15 თებერვალს, ბათუმის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ლევან ანთაძემ ტრიბუნაზე მიაკრა. 

დეპუტატის განმარტებით, პლაკატი იმის სადემონსტრაციოდ გამოაკრა, რომ იზრდება საკრებულოს წევრთა ხელფასები, პედაგოგთა ხელფასები კი წლებია უცვლელია. 

აპარატის უფროსმა, რაულ ბოლქვაძემ ჩამოხსნა პლაკატი, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოყვა.  ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, მას ურჩია თავისი საქმით დაკავებულიყო და არ ჩარეულიყო პროცესში. "დეპუტატი ხარ თუ ვინ ხარ, დაჯექი შენს ადგილზე" - უთხრა ლევან ანთაძემ საკრებულოს თანამშრომელს. 

საკრებულოს სხდომაზე დღეს დეპუტატები 21 საკითხზე იმსჯელებენ. მათ შორისაა ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის  გარძელებაზე, უსახელო ქუჩისთვის, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების საკითხი. ასევე,  დეპუტატები  „6 მაისის პარკისთვის"  „ბათუმის ცენტრალური პარკის“ სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელებენ. საკრებულოზე, ასევე დასამტკიცებლად გადის საკითხი ბათუმის საკუთრებაში არსებული  მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების აჭარის მთავრობისთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებაც.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში