''ბათუმის ცენტრალური პარკი''- 100 წელში 8 ჯერ შეცვლილი სახელწოდება

15 თებერვალი 2018, 00:00 6202 ნახვა

ბათუმის საუკუნოვან პარკის სახელი კიდევ ერთხელ შეეცვალა. ამჯერდ, ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით,  ბათუმის "6 მაისის პარკს "ცენტრალური პარკი" ეწოდა. ინიციატივას მხარი მხოლოდ მმართველი გუნდის დეპუტატებმა დაუჭირეს, ოპოზიცია  კენჭისყრაში არ მონაწილეობდა. პარკის სახელის შეცვლაზე იმ პარტიებმა თქვეს უარი, რომლის წევრებმაც, 2004 წელს, პარკს "6 მაისის" პარკი დაარქვეს, რაც "აჭარის რევოლუციას" უკავშირდებოდა.

ნურის ტბის ირგვლივ გაშენებულ პარკს სახელი უკვე მეხუთედ შეეცვალა. ბათუმის პირველი სამოქალაქო ბაღის გაშენება 1881 წელს დაიწყო, 1888 წელს  რუსეთის იმპერატორი  ბათუმს  ეწვია და პარკში, სიმბოლურად, ოჯახის წევრებთან ერთად, ხეებიც დარგო. იმპერატორის პატივსაცემად  ქალაქის ბაღს „ალექსანდრეს ბაღი“ ეწოდა. 

მოგვიანებით, საბჭოთა პერიოდში, პარკს სახელი გადაარქვეს და რუსეთის  იმპერატორის სახელი ქალაქის ბაღით შეიცვალა, მერე  კულტურისა და დასვენების პარკი იყო.  ატარებდა ბერიასა და ლენინის სახელსაც, მერე იყო ბავშვთა პარკი და პიონერთა პარკი. 

 "პიონერთა პარკი" საბჭოთა კავშირის დანგრევამდე იყო,  დამოუკიდებელი საქართველოს რეალობაში იგი  "მოსწავლე ახალგაზრდობის პარკად"  მოიხსენიებოდა. 

 კიდევ ერთი ცვლილება 2004 წელს მოხდა, როცა ასლან აბაშიძემ რეგიონი დატოვა და პარკს "აჭარის რევოლუციის" საპატივცემულოდ "6 მაისის პარკი" შეარქვეს. 

დღეიდან კი იგი "ბათუმის ცენტრალური პარკია". 

 

 

foto: აღებული პარკის ადმინისტაციის ფბ გვერდიდან 

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში