''თბილისის გარდა, შრომითი უსაფრთხოების სანქციების გამკაცრება არც ერთ ქალაქს არ მოუთხოვია'' - მათ შორის არც ბათუმს

23 თებერვალი 2018, 00:00 2578 ნახვა

ბათუმის თვითმმართველობას შრომის უსაფრთხოების გამკაცრების დასაბუთებით პარლამენტისთვის არ მიუმართავს, მიუხედავად იმისა, რომ მუშათა დაღუპვისა და დასახიჩრების სტატისტიკა მაღალია და ის დედაქალაქს მონაცემებს უახლოვდება.

პარლამენტი კი სანქციების გამკაცრების აუცილებლობის დასაბუთებას თვითმმართველობებისგან ითხოვდა.

სწორედ იმის გამო, რომ მშრომელთა დაშავებისა და გარდაცვალების სტატისტიკა მაღალია დედაქალაქში, თბილისის მერიამ შრომის კოდექსში სანქციების გამკაცრება იმაზე მეტად მოითხოვა, ვიდრე ეს შრომის ახალი კანონპროექტითაა განსაზღვრული.

თბილისის მერის მოთხოვნას დეპუტატები დაეთანხმნენ და კანონპროექტში ჩაიწერა, რომ თბილისში შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის, მაგალითად მუშის ჩაფხუტის გარეშე მუშაობა კომპანიას 30 000 ლარი დაუჯდება, ანალოგიური დარღვევისთვის კი რეგიონებში, მათ შორის ბათუმში, კომპანია 10 ჯერ ნაკლები თანხით, 3000 ლარით დაჯარიმდება.

არის თუ არა ადეკვატური ასეთი დაბალი რეგულაციები რეგიონებში და რატომ არ მკაცრდება ერთიანად ყველგან შრომის უსაფრთხოებაზე სანქციები? პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის განცხადებით, იმაზე მეტად კანონის გამკაცრება, რაც კოდექსში წერია არც ერთ სხვა მუნიციპალიტეტს არ მოუთხოვია, მათ შორის არც ბათუმს.

"გასულ კვირას რეგიონებში შეხვედრები გაიმართა და არც ერთ თვითმმართველობას არ დაუფიქსირებია, რომ იმაზე მკაცრი სანქციების დაკისრება უნდათ, ვიდრე ეს შრომით კოდექსშია გათვალისწინებული" - ამბობს აკაკი ზოიძე - "თუ იქნებოდა დასაბუთება იმისა, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა თბილისის გარდა სადმე და ამ პრობლემას სანქციების გამკაცრება მოუვლიდა, ამაზე ვიმსჯელებდით. თუმცა, როგორც ვთქვი, თვითმმართველობებს თბილისის გარდა არავის უთქვამს საჭიროება გვაქვსო".

რატომ არ შევიდა რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნით პარლამენტში ბათუმის მერია? ამ კითხვით ქალაქის მერს, ლაშა კომახიძე მივმართეთ. ‘’თვალყურს ვადევნებთ კალაძის ბოლო ინიციატივებს, რომელიც კონტროლის გამკაცრებისკენ არის მიმართული, მივესალმები ჩემი კოლეგის გადაწყვეტილებას, თუმცა დედაქალაქს გააჩნია კანონი თბილისის შესახებ, რომელიც მას გადაწყვეტილების მიღების მექანიზმს აძლევს დააწესოს და გაამკაცროს კონტროლი. ჩვენ ბათუმის შემთხევაში ამის საშუალება არ გვაქვს’’ - ამბობს ლაშა კომახიძე.

რატომ არ შედგა კომუნიკაცია უწყებებს შორის უცნობია, თუმცა აჭარის პროფკავშირების ხელმძღვანელი ილია ვერძაძე ამბობს, რომ თუ პარლამენტი ითხოვს, რომ რეგიონში თვითმმართველობებმა დაასაბუთონ სანქციების გამკაცრების აუცილებლობა, საჭიროა სწრაფად მოხდეს კოორდინაცია და ამ მოთხოვნის საკანონმდებლო ორგანოში დაყენება. "ჩვენი, პროფკავშირების მოთხოვნაა, რომ გამკაცრდეს სანქციები და ერთხელ და სამუდამოდ გასწორდეს მუშათა სიკვდილიანობისა და დასახიჩრების სტატისტიკა, რომელიც ძალიან მაღალია ქვეყანაში. მათ შორის ბათუმშიც. ვფიქრობთ, რომ ის სანქციები რაც მოითხოვა თბილისმა, ყველგან უნდა ამოქმედდეს" - აცხადებს ილია ვერძაძე, რომელიც ამავდროულად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია "ქართული ოცნებიდან".

გუშინ პარლამენტმა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 85 დეპუტატმა დაუჭირა, დარბაზში არ იმყოფებოდა საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც აპროტესტებდა მხოლოდ თბილისისთვის ხუთმაგად გამკაცრებული რეგულაციის ამოქმედებას, ვიდრე რეგიონებში. გიგა ბოკერიას განცხადებით, თვითმმართველობების მომართვიანობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული სახელმწიფოს პოლიტიკა შრომითი უსაფრთხოების მიმართ. "შეიძლება მოემართა ბათუმის მერიას და არ შემოსულიყო ინიციატივით ქუთაისი, ეს არასწორი მიდგომაა და ყველგან უნდა ვრცელდებოდეს კანონი, რომლესაც პარლამენტი მიიღებს" - აცხადებდა ბოკერია პარლამენტის სხდომაზე.

შრომითი და სამშენებლო უსაფთხოების გამკაცრებაზე უკვე წლებია უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ. ფიქრობენ, რომ მოქმედი კანონი, უსაფრთხოების წესების დარღვევაზე შეუსაბამოდ დაბალ სანქციებს აწესებს.

აჭარის პროფკავშირების ინფორმაციით, ბათუმში შრომის უსაფრთხოების დარღვევის შედეგად 2016-17 წლებში - 23 დაღუპული და 10 მეტი დასახიჩრებული ადამიანია. 2018 წელს კი 1 ადამიანი დაიღუპა.

 

ფოტო: მზია საგანელიძე (რადიო თავისუფლების ვებგვერდიდან) 

ამავე კატეგორიაში