დავით მამისეიშვილი მზად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე წარსდგეს 

26 თებერვალი 2018, 00:00 3430 ნახვა

დავით მამისეიშვილი მზად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების წინაშე წარსდგეს და მათ კითხვებს უპასუხოს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მოსამართლე  ირაკლი შავაძის ცრუ ბრალდებებს, არგუმენტირებულ პასუხებს გასცემს, რათა ყველა ფაქტს ნათელი მოეფინოს.

მამისეიშვილი განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოლეგიაში შავაძის გადაყვანა, მოსამართლესთან შეთანხმებული იყო. ( შავაძე ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მუშაობდა).

‘’ მცდარი არის ბატონ ირაკლი შავაძის განცხადებები, რომ მას არ ჰქონდა სურვილი, სისხლის სამართლის კოლეგიაში სამოსამართლო საქმიანობა განეხორციელებინა. ბათუმის საქალაქო სასამართლოდან ერთი მოსამართლე გადავიდა. ამ მოსამართლეს  დააახლოებით 140 სისხლის სამართლის საქმე ჰქონდა. დაახლოებით ანალოგიური რაოდენობის საქმე გვქონდა თითოეულ ჩვენგანს, ამიტომ წარმოუდგენელი იყო ხსენებული საქმეები მიგვეღო წარმოებაში, გადაგვენაწილებინა.  ეს გამოიწვევდა საქმეების გაჭიანურებას, რის გამოც ბატონ ირაკლი შავაძესთან შეთანხმებით, მე მას დავაკისრე სისხლის სამართლის კოლეგიაში საქმეთა განხილვის მოვალეობა და ის ამაზე თანახმა იყო’’ - ამბობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.

სამი დღის წინ ირაკლი შავაძემ განაცხადა, რომ დავით მამისეიშვილმა ის კოლეგიაში მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გადაიყვანა,  ცვლილება კი მოსამართლესთან არ შეუთანხმებია.

დავით მამისეიშვილა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ირაკლი შავაძესთან კომუნიკაცია ფაქტობრივად არ ჰქონია. 

''ჩვენ ერთმანეთთან არასდროს კამათი არ გვქონია, ვფიქრობ ამ ფაქტს შავაძეც დაადასტურებს. მე მასთან კომუნიკაცია გავწყვიტე. ვთვლიდი, რომ შავაძე ჩემთვის, როგორ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისთვის დამაზიანებელი პირი იქნებოდა და ეს ყველაფერი გამართლდა ორი წლის შემდეგ. მე რომ ეს წლები მასთან ურთიერთობა მქონდა, წარმოგიდგენიათ რა სიბინძურეები და ცრუ ინფორმაციები გავრცელდებოდა ჩემი მისამართით'' - განაცხადა დავით მამისეიშვილმა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძემ, რომელსაც უვადო მოსამართლედ განმწესებაზე იუსტიციის საბჭომ უარი უთხრა, რამდენიმე დღის წინ,  აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ  ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილთან დაპირისპირების შედეგი იყო.

ამავე კატეგორიაში