რა დაუჯდება ქალაქს პარკში კოლონადების აღდგენა?

27 თებერვალი 2018, 00:00 2174 ნახვა

"ბათუმის ცენტრალურ პარკში"  ნურის ტბასთან ​კოლონადები აღდგება. კონსტრუქციული ნაწილის პროექტირებაზე ტენდერი დღეს გამოცხადდება. ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა. ესკიზური ნახაზები და კვლევები ჩატარებულია, ტენდერის შემდეგ დაზუსტდება რა დაუჯდება ქალაქს კოლონადების აღდგენა. 

ალექსანდრე თევზაძის განცხადებით, პარკის შესასვლელი მხრიდან, ტბაზე აღდგება კოლონადები იმ სახით, როგორიც დაახლოებით 30 წლებში აშენდა. კოლონადები ასლან აბაშიძის პერიოდში დაინგრა, მოტივი მაშინ თანაქალაქელებისთვის არ აუხსნიათ. 

რაც შეეხება ესკიზს და პარკის განვითარების კონცეპტუალურ ნაწილს, იგი მერიის დაკვეთით შპს "ERGO GRUP" 4500 ლარად დაამზადა. 

პარკის კონცეპტუალურ ნაწილის დამუშავების დროს, კომპანია მუნიციპალიტეტს ტბის ნაპირზე, დელფინარიუმის მხრიდან, ტერასის მოწყობას სთავაზობს,  რომლის ფართობი 1500 კვ/მეტრი იქნება, აქედან კი 50 კვ/მეტრი კომერციული დანიშნულების შეიძლება იყოს, სადაც ნავების გაქირავების სერვისი განთავსდება. 

ალექსანდრე თევზაძე განმარტავს, რომ ამ ტერიტორიაზე არ არის გათვალისწინებული კონსტრუქციების აგება კაფეებისთვის ან რესტორნებისთვის, თუმცა არ გამორიცხავს მაგიდები, შეზლონგები ან სკამები დაიდგას.

მოეწყობა თუ არ ამ ტერიტორიაზე ტერასა, ეს გადაწყვეტილება მერიას ჯერ არ მიუღია, თევზაძის განცხადებით მუშავდება კონცეფცია და მზად არის ამ თემაზე ქალაქში დისკუსია დაიწყოს.

 

ამავე კატეგორიაში