სახალხო დამცველის მოთხოვნა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას

27 თებერვალი 2018, 00:00 1767 ნახვა

სახალხო დამცველი ნინ ლომჯარია ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას სთხოვს დაუყოვნებლივ გადმოსცენ საქარართველოს გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, ასევე გაათავისუფლონ ორი საქართველოს მოქალაქე, რომელიც არჩილ ტატუნაშილტან ერთად დააკავეს.

"2018 წლის 23 თებერვალს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ. სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ იგი ნაცემი იყო.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საოკუპაციო ძალებს დაუყოვნებლივ გადმოსცენ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას, რათა მას ჩაუტარდეს სამედიცინო ექპერტიზა და დადგინდეს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები და ხანდაზმულობა; ასევე, ითანამშრომლონ საქართველოსთან საქმის ეფექტური გამოძიების მიზნით.

სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს დე ფაქტო ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლოს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული მისი ორი თანასოფლელი (ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანჩავეთიდან). 

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ მოქალაქის სიცოცხლის სავარაუდო უფლების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ახალგორში ახალგაზრდების, მათ შორის არასრულწლოვნების დაკავება ჩვეულ მოვლენად იქცა. დაკავებულები გადაჰყავთ ალკოჰოლურ და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რა დროსაც მათ ფიზიკურ შეურაცყოფას აყენებენ.

ტატუნაშვილის შეთხვევა მიანიშნებს, რომ სრულიად დაუცველია საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები მოსახლეობა, რომელთაც ყოველდღიურ რეჟიმში აკავებენ რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარები.  2017 წლის იანვარი-ნოემბრის მონაცემებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზზე 121 მოქალაქე იყო დაკავებული. რამდენიმე მათგანის მიმართ დაკავების დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობასაც.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა  საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო  ორგანიზაციას არ დაიშუროს ძალისხმევა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ეფექტური გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის უზრუნველსაყოფად; ასევე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის დასაყენებლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ აქვს ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესვლისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესწავლის შესაძლებლობა. ამის გარდა, ჯერ ისევ გამოუძიებელია 2014 წელს ახალგორში გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული დავით ბაშარულის საქმე და დაუსჯელია 2016 წელს აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელი" - წერია ომბუცმენის განცხადებაში. 

სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოხატავს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.

ამავე კატეგორიაში