ხანძრით დაზარალებულებს სავაჭრო ფართით დაკმაყოფილებას დაჰპირდნენ

27 თებერვალი 2018, 00:00 2097 ნახვა

ლილოს ბაზრობა, სავაჭრო ცენტრი “საბა,” სენაკის, ე.წ. ბოშების, ხოფის, ორჯერ ელიავას და ერთხელ ისნის ბაზრობა, ასევე ზესტაფონის ე.წ. შავი ბაზარი და “ბავშვთა სამყარო“ – ამ ჩამონათვალს გუშინ კიდევ ერთი დაემატა – ეს სავაჭრო ცენტრი “ქალაქის გულია.” ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ბაზრობებსა თუ სავაჭრო ცენტრში ხანძრის ეს მეთერთმეტე შემთხვევაა. გუშინდელი ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. ადმინისტრაციაში ირწმუნებიან რომ სისტემა გამართული იყო.

წარმომადგენლები სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებიც ამოიღეს. შპს „ქალაქის გულის“ ადმინისტრაციის განცხადებით, ყველა დაზარალებული მოვაჭრე შეღავათიანი პირობების ფარგლებში, სავაჭრო ადგილებით დაკმაყოფილდება. ამასთან ცნობილია რომ რამდენიმე ობიექტი დაზღვეული იყო. სულ 240-მდე ადამიანი მუშაობს სავაჭრო ცენტრში, დაზარალებულია ათობით მოვაჭრე. დამწვარია დაახლოებით 3000 კვადრატულ მეტრამდე ფართი და განადგურებულია სავაჭრო ნივთები..  საქმეზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც  გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით ან აფეთქებით.

ამავე კატეგორიაში