დეფაქტო  ცხინვალის  გენპროკურატურამ  სააკაშვილზე  ძებნა  გამოაცხადა

03 მარტი 2018, 00:00 1936 ნახვა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ვასილი პოლიაკოვმა იმ სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც არჩილ ტატუნაშვილის დაკავება მოხდა. სააგენტო „რესი“ წერს, რომ 2004-2008 წლებში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღიძრა 166 სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.

პოლიაკოვის თქმით, გამოძიებამ დაადგინა და საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის თანამდებობის პირები, რომლებსაც ე.წ. ოსი ხალხის გენოციდსა და სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ედებათ ბრალი. ძებნა 45 პირზეა გამოცხადებული, მათ შორის არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და სხვები. დე ფაქტო გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის განმარტებით, გამოძიებამ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული სამხედრო ფორმირებების დანაშაულებრივი ქმედებების არაერთი ეპიზოდი დაადგინა, მათ შორის გატაცების, წამებისა და მკვლელობის ასობით ფაქტი.

ამავე კატეგორიაში