რუსულ ფორუმში მონაწილეობას ბათუმის მერიის კულტურის ცენტრს რუსული დიასპორა სთხოვდა

07 მარტი 2018, 00:00 2365 ნახვა

ფოტო: პეტროზავოდსკის საქალაქო ოლქის კულტურის მართვის ვებ-გვერდზე გავრცელებული ფოტო-არქივი 

ფორუმში, სახელწოდებით "რუსეთი და საქართველო: ერთმანეთთან შესახვედრად", მონაწილეობისთვის ბათუმის მერიას  რუსულმა დიასპორამ მიმართა. ინფორმაციას ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ადასტურებს. 

მისი განცხადებით, რუსულ დიასპორას ფორუმიდან მოწვევა მიუვიდა და პროექტში ვოკალური ანსამბლის ჩართვას ითხოვდა, რაზეც მათ უარი ეთქვათ.

"ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გვქონდა, რადგან მასზე მიწვევა რუსულ დიასპორას მიუვიდა, მათი მხრიდან კი იყო შემოთავაზება  პეტროზავოდსკში ქალთა ვოკალური ანსამბლი გაგვეყოლებინა მონაწილეობისთვის,  თუმცა მათ უარი ეთქვათ აღნიშნულზე თებერვლის თვეში" - ამტკიცებს ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ანა სიხარულიძე, რომელიც ასევე განმარტავს, რომ "ბათუმის მერია არ მონაწილეობს ღონისძიებაში, თუმცა თუ ვინმე ინდივიდუალურად წავა ეს მისი გადასაწყვეტია".

პეტროზავოდსკის საქალაქო ოლქის კულტურის მართვის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით,  რუსეთში დაგეგმილი კულტურული ფორუმის ''რუსეთი და საქართველო: ერთმანეთთან შესახვედრად“ პარტნიორი ქალაქ ბათუმის მერიაა. 

ამ ფაქტის გამო, ბათუმის მერია ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში დაადანაშაულა ნაციონალურმა მოძრაობამ. ბათუმის საკრებულოს დეპუტატი მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ეს ფორუმი რუსეთის პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

ბათუმის მერია კი ირწმუნება, რომ რუსულმა საიტებმა დეზინფორმაცია გაავრცელეს. "რუსულ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის მერია პარტნიორი და დამფინანსებელია პროექტის - ,,რუსეთი და საქართველო: ერთმანეთთან შესახვედრად“, სიმართლეს არ შეესაბამება. თვითმმართველობა მსგავსი ტიპის დეზინფორმაციას ემიჯნება" - ნათქვამია განცხადებაში.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში