საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი რუსეთის საგარეო უწყებას 

13 მარტი 2018, 00:00 2337 ნახვა

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რუსეთის ფედერაციას გადადგას ნაბიჯები ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრუნველსაყოფად.-ეს განცხადება სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჟენევის დისკუსიები მნიშვნელოვანი ფორმატია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დასარეგულირებლად.

"სამწუხარო ინციდენტი," - ასე აფასებს ოფიციალური რუსეთი გაურკვეველ ვითარებაში მომხდარ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს. მართალია ქართული მხარე რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხი დაუყოვნებლივ უზრუნველყოს, თუმცა ოფიციალური მოსკოვი მხოლოდ საკითხთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე კმაყოფილია კვირიკაშვილის ინიციატივებით. კერძოდ, კი  საუბარია პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივასთან დაკავსირებით, რომლის მიხედვითაც გიორგი კვირიკაშვილმა ჟენევის ფორმატში პირადად ჩართვის სურვილი გამოთქვა. შეუძლებელია ასევე არ მივესალმოთ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგისკენ დეკლარირებულ სწრაფვას. სწორედ ასეთია იმ საკითხების რეგულირების ერთადერთი რეალური გზა, რომლებიც საქართველოს ადარდებს და, რომლებიც ორმხრივი, რუსულ-ქართული დღის წესრიგის ფარგლებს სცილდება. ნათქვამია მოსკოვის განცხადებაში. 

კრიტიკული იყო შეფასებებში ოპოზიცია, სადაც მიიჩნევენ, რომ რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ დასცინა საქართველოსა და ქართველ ხალხს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა რუსეთს მისცა საშუალება, რომ კიდევ ერთხელ აღენიშნა, რომ ის არ არის ოკუპანტი. პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციასთან განცხადებები იყო წინასწარ შეთანხმებული.

ოპოზიციის განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მიხეილ ჯანელიძე აღნიშნავს, რომ პრემიერის მოწოდება და ინიციატივა ჟენევის ფორმატთან დაკავსირებით არის კონკრეტული და გულისხმობს არა ფორმატის მოშლას  არამედ მის გაძლიერებას კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური ჩართულობით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას მიმართა, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას.  პრემიერის განცხადება 9 მარტს გავრცელდა. როგორც გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს, რომ დაინტერესებულია, მიაღწიონ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. პრემიერი აღნიშნავს, რომ მზად არის, ამ პროცესში პირადად ჩაერთო.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში