“ქალთა მოძრაობის” მიმართვა - ზვიად დევდარიანის გამოხმაურება

17 მარტი 2018, 00:00 2414 ნახვა

„ქალთა მოძრაობა“  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად სახალხო დამცველის მიერ  წარდგენილ კანდიდატს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალები, რომლებიც ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალურ შევიწროვებაზე საუბრობენ,  ანონიმურობას  ამჯობინებენ. მოძრაობა მიმართავს საქართველოს პარლამენტს და მასთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოს, სასწრაფოდ დაიწყოს სექსუალური შევიწროების საკითხის რეგულირებაზე მუშაობა და მხარი არ დაუჭიროს დევდარიანის კანდიდატურას.

ცოტა ხნის წინ მედიაში ზვიად დევდარიანის განცხადება გავრცელდა. “გუშინ მთელი ღამის განმავლობაში პირადად ჩემზე, ჩემს ოჯახსა და ორგანიზაციის თანამშრომლებზე მიმდინარეობდა ზეწოლა და შანტაჟი, რაც დღეს „ქალთა მოძრაობის“ მიერ გავრცელებული განცხადებით გაგრძელდა, რომელიც ლახავს ჩემს რეპუტაციას, ანგრევს ჩემს ოჯახს, დარტყმას აყენებს სახალხო დამცველსა და მთლიანად სამოქალაქო სექტორს. ამ პირობებში ძალიან მიმძიმს ემოციების გვერდზე გადადება, თუმცა გამოწვევა სერიოზულია და რისკები მხოლოდ პიროვნულად მე არ მიკავშირდება”- აცხადებს ზვიად დევდარიანი.  არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ მასთან დაკავშირება ვერ შევძელით. ზვიად დევდარიანს ტელეფონი გამორთული აქვს. “ქალთა მოძრაობა” სახალხო დამცველს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად, ვიდრე მას წარადგენდა, ბაია პატარაიას კანდიდატურას სთავაზობდა. 

ამავე კატეგორიაში