ომბუდსმენი: ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ ქალების მონათხრობი სავარაუდო სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს შეიცავდა

19 მარტი 2018, 00:00 3002 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ზვიად დევდარიანის მხრიდან,  შესაძლო სექსუალური შევიწროების მსხვერპლებთან შეხვედრა გამართა. 

ომბუდსმენის გვერდზე გავრცელებულ მასალაში ნათქვამია, რომ ნინო ლომჯარიამ პირადად მოუსმინა ქალებს, რომელთა მონათხრობი  შეიცავდა როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. 

2018 წლის 18 მარტს, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებს და იმ პირებს შეხვდა, რომლებიც სახალხო დამცველის მიერ დასახელებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ყოფილი კანდიდატის, ზვიად დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ.

ომბუდსმენის აპარატი, აღნიშნულ ფაქტებს  დისკრიმინაციის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის ფარგლებში შეისწავლის. "პროცესი ყველა მონაწილე მხარის ფუნდამენტური უფლებების, ღირსების, პატივისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპების დაცვით წარიმართება" - წერია განცხადებაში. 

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაცით, სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის ფაქტების შესახებ, მათთვის  კანდიდატის დასახელების შემდგომ გახდა ცნობილი. 

სახალხო დამცველი აგრძელებს მუშაობას ქალთა მიმართ ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ და მოუწოდებს პასუხისმგებელ უწყებებს, დაიწყონ მუშაობა სექსუალური შევიწროების რეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად.

ამასთან, დროულად გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო დეფინიციისთვის, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის არასასურველ სიტყვიერ, არასიტყვიერ ან ფიზიკურ ქმედებას, რომელიც პირს შეურაცხყოფს, ამცირებს, აშინებს ან/და ულახავს ღირსებას.

ამავე კატეგორიაში