ჩანაწერი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ

24 მარტი 2018, 00:00 1850 ნახვა

2018 ფისკალური წლის აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი შენარჩუნებულია. საქართველოს მხარდამჭერი ტექსტი, სათაურით: „საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“ რუსეთის აგრესიის ქვეთავის ქვეშ ექცევა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.

კანონი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, დროულად გამოაქვეყნოს ამგვარი ქვეყნების სია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე. დოკუმენტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად. აშშ-ის 2018 ფისკალური წლის ბიუჯეტიდან საქართველო 105,325 მილიონ აშშ დოლარის დაფინანსებას მიიღებს, რაც 5 მილიონი აშშ დოლარით მეტია გასულ წელთან შედარებით. რუსეთის აგრესიის ქვეთავში აღნიშნულია, რომ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის გამოყოფილი დაფინანსება უნდა მოხმარდეს რუსეთის ზეგავლენისა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას.

ამავე კატეგორიაში