ხულოში ხანძარმა სახლი, ავეჯის საწარმო და 2 ტონამდე თაფლი გაანადგურა

24 მარტი 2018, 00:00 7420 ნახვა

ხულოში, სოფელ ბეღლეთში, დღეს გაჩენილი ხანძრის შედეგად, მრავალშვილიანი  ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. 

ძლიერმა ხანძარმა, იაკობაძეების 7 წევრიან ოჯახს, სახლის გარდა გაუნადგურა ფუტკრების ოჯახი და 2 ტონამდე თაფლი. ოჯახი დიდი ოდენობით თაფლს აწარმოებდა, რაც მათი შემოსავლის წყარო იყო.

დაიწვა ავეჯის საწარმო და დანადგარებიც, ასევე სარეალიზაციოდ გამზადებული ხის ავეჯი. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხანძრის დროს ძლიერი ქარი იყო, შესაბამისად გართულდა ცეცხლის ლოკალიზება. 

ძლიერმა ქარმა სოფელ ბეღლეთში ორი საცხოვრებელი სახლიც დააზიანა, ქარმა სახურავები გადახადა. 

ხანძრის შედეგად  არავინ დაშავებულა. საქმის კურსშია ხულოს მერიაც. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი, ხულოს მერის ინფორმაციით, 10 ათას ლარიან დახმარებას მიიღებს. 

რამ გამოიწვია ხანძარი ამ ეტაპზე უცნობია, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.​

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში