''ბათუმის პორტს რთული ფინანსური მდგომარეობა აქვს'' - ადმინისტრაციის განცხადება

03 აპრილი 2018, 00:00 2047 ნახვა

ბათუმის პორტის ადმინისტრაცია ოფიციალურ წერილს აქვეყნებს, სადაც ბათუმის სანაოსნოს რთულ ფინანსურ მდგომარეობაზე და ამ კრიზისის დაძლევის გზებზე საუბრობს. პორტის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ გასულ წელთან შედარებით მოგება 86% შეუმცირდათ. 

წერილით ადმინისტრაცია  იმ პროცესებს ეხმაურება, რატომაც  პორტში რეორგანიზაცია დაიწყო. 

''ნავთობ ჩამოსასხმელი ტვირთების გადატვირთვის მოცულობა ნავსადგურში 2016 წელთან შედარებით 36%- ით შემცირდა ( 3,6 მლნ.-დან 2,3 მლნ-დე. ტ/წელიწადში). ნავთობ ჩამოსასხმელი ტვირთების გადატვირთვის მოცულობის პროგნოზი 2018 წლისთვის  1,1 მლნ. ტონას შეადგენს.

შემცირების ძირითადი მიზეზი  ნავთობის და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების ბაზრის სტრუქტურის შეცვლა გახდა. ამასთან, გასულ წელს ნავსადგურის წმინდა მოგებამ  0,9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 86 %-ით ნაკლებია. (2016 წელს 5,4 მლნ. აშშ დოლარი). 2018 წელს პროგნოზირებადი ზარალი შეადგენს დაახლოებით 1 მლნ. აშშ დოლარს. ნავსადგურის მიმდინარე ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2017 წლიდან მიღებულ იქნა ნედლეულისა და მასალების ხარჯების 44%-ით, უცხოელი სპეციალისტების კი 63%-ით შემცირების ზომები. ასევე, საპენსიო ასაკს მიღწეულ ცალკეულ თანამშრომელთან მოლაპარაკების შედეგად, მხარეების შეთანხმებით, შეწყდა შრომითი ურთიერთობა, სამი თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდისა და 2018 წლის ბოლომდე სამედიცინო დაზღვევის შენარჩუნების პირობით" - წერია წერილში, რომელიც ბათუმის საზღვაო სანაოსნომ გაავრცელა. 

რეორგანიზაციის პროცესს კი იქ დასაქმებული პირების პროტესტი მოყვა, უკვე მეორე დღეა პორტის დირექტორის გადაყენების მოთხოვნით 10 ადამიანი შიმშილობს. მოშიმშილეებს სხვა თანამშრომლებიც  პროფკავშირები უჭერენ მხარს. 

ნავსადგურის მმართველი კომპანია „ბათუმის ნავთობტერმინალი“ და ნავსადგურის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ იღებენ ყველა ზომას მოლაპარაკების გზით მოაგვარონ შექმნილი ვითარება, ასევე, მოშიმშილეებს სთავაზობს არსებული საკითხების განსახილველად ერთობლივი ჯგუფის შექმნას მედიაციის და სხვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინსტრუმენტების ფარგლებში.

საზღვაო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მოლაპარაკებები შესთავაზეს მოშიმშილეებს მანამდეც, თუმცა უარი მიიღეს.

"იმავე დღეს ნავსადგურის ადმინისტრაცია პროტესტში მონაწილე პირებს შესთავაზა მედიაციის პროცედურის ფარგლებში მოლაპარაკებების დაწყება და ნავსადგურის პროფკავშირთან ერთად წამოჭრილი საკითხების განხილვა. პროტესტში მონაწილე პირთაგან რვა დასაქმებულმა იმავე დღეს, 2 აპრილს, გამოაცხადა შიმშილობა. ნავსადგურის ადმინისტრაციამ მოშიმშილეები უზრუნველყო წლით, მედიკამენტებით, აგრეთვე უზრუნველყო სამედიცინო ბრიგადის მუდმივი მორიგეობა. ყოველ 30 წუთში სამედიცინო მუშაკი ახორციელებს მოშიმშილეთა შემოვლას" - წერია განცხადებაში.

მოშიმშილეები პროტესტს არ წყვეტენ, ისინი არ ენდობიან  ადმინისტრაციის განცხადებას, რომელიც რეორგანიზაციის შეწყვეტას ეხება და დირექტორის გადადგომას მოითხოვენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში