როგორ გეგმავს დაშვებულზე მაღალი მშენებლობის ნებართვების გაცემას ბათუმის მერი?

25 აპრილი 2018, 00:00 3346 ნახვა

ბათუმში, 2013 წლის შემდეგ, დაშვებულ ზღვარზე მაღალი 229 შენობა აიგო. კონკრეტულ უბანში, საკრებულოს მიერ დადგენილი სიმაღლის 60%-ზე მაღალი 229 შენობის აგების ნებართვა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეებმა - არჩილ ხაბაძემ და ზურაბ პატარაძემ გასცეს. 

აჭარის მთავრობის მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, რეკორდსმენი არჩილ ხაბაძეა, რომელმაც, არასრულ 4 წელიწადში, 167  ინვესტორს უშუამდგომლა მერიასთან. უცნობია, რამდენ მშენებელს უთხრა უარი.

ზურაბ პატარაძემ კი, არასრულ 2 წელიწადში,  62 ინვესტორს გაუწია რეკომენდაცია. მთავრობაში ამბობენ, რომ 300 მდე განცხადება პატარაძემ არ დააკმაყოფილა. 

დაშვებულ ზღვარზე მაღალმა მშენებლობებმა, სპეციალისტების განმარტებით, ქალაქში პრობლემები შექმნა. პატარა სახლების მრავალსართულიანი შენობებით ჩანაცვლებამ,  სადაც პარკინგი არ იყო გათვალისწინებული, ლოკალურად სატრანსპორტო საცობები  წარმოქმნა. 

‘’ცათამბრჯენების’’  მშენებლობაზე ნებართვების გაცემის გამო, აჭარის მთავრობა საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა.

 საზოგადოება „ბათომმა“,  2017 წელს, პატარაძეს K2 კოეფიციენტის გაცემის უფლებამოსილების მერიისთვის დაბრუნებაც მოსთხოვა.  (სწორედ 2013 წელს გადასცა ბათუმის საკრებულომ ეს უფლებამოსილება აჭარის მთავრობას (ავტ.).

ორგანიზაციის წევრები ამბობდნენ, რომ მთავრობის თავმჯდომარეებმა  უფლებით ბოროტად ისარგებლეს და ქალაქში შეუსაბამო  მშენებლობების ბუმი დაიწყო. 

2018 წლის 20 თებერვალს ზურაბ პატარაძემ  K2  კოეფიციენტის გაცემის პრეროპგატივა მერიას დაუბრუნა.

ბათუმის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ უფლებამოსილების გადმობარების შემდეგ, ბათუმის მერს K2 კოეფიციენტი აღარ გაუცია. მირიან მეტრეველი ამბობს, რომ ჯერ ბრძანება არ დაწერილა, რომელიც  ამ უფლების გაცემის წესს დაარეგულირებს.

„ვფიქრობთ, შეიქმნას კომისია, რომელიც იქნება დაკომპლექტებული როგორც არქიტექტურის სამსახურის, ასევე სხვა სპეციალისტებით.  შესაძლოა, მერიამ მოიწვიოს ამ დარგი სპროფესიონალები. ამ დრომდე საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. დაშვებულ ზღვარზე მაღალი სახლების მშენებლობისთვის ინვესტორის წინადადებას ჯერ არქიტექტურის სამსახური მიიღებს, შემდეგ  კომისია განიხილავს და მერს რეკომენდაციას მისცემს “ - ამბობს ბათუმის არქიტექტორის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. 

უცნობია, ვინ შევა კომისიაში და როდის დაკომპლექტდება იგი.  ერთადერთი ამ ეტაპზე ისაა ცნობილი, რომ კომისიის გადაწყვეტილება სარეკომენდაციო იქნება და  გადაწყვეტილებას  ბათუმის მერი ერთპიროვნულად მიიღებს.

Photo: Billy Bilikhodze 

 

ამავე კატეგორიაში