ვის უნდა გაეწმინდა ხულოს მერიის ფანჯრები? - მერისა და დეპუტატის პოლემიკა

02 მაისი 2018, 00:00 2228 ნახვა

ხულოში, მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ და  საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ჯორბენაძემ იმაზე იკამათეს, ვის უნდა გაეწმინდა ხულოს მერიის ფანჯრები. 

მერიამ, შენობის მინების გასაწმენდად, ბიუჯეტიდან 1 693 ლარი დახარჯა, სამუშაოების შესასრულებლად კი კომპანია დაიქირავა. ფაქტი თვითმართველი ორგანოს ოპოზიციური პარტიის წევრმა გააპროტესტა და კორუფციად შეაფასა. 

"ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციული შენობის ფანჯრების წმენდისთვის 1693 ლარი დახარჯა!
არადა მუნიციპალიტეტის მერიას ყავს ხელშეკრულებით აყვანილი დამხმარე თანამშრომლები, ფანჯრებსაც წმენდენ, კაბინეტებსაც ალაგებენ და მათზე დაკისრებულ მოვალეობასაც პირნათლად ასრულებენ.
რასთან გვაქვს საქმე? განსჯა თქვენთვის მომინდვია, თუმცა ერთს დავძენ, აშკარაა უკვე, რომ კორუფციის სურნელი ტრიალებს მერიაში.
პ.ს. რაც შეეხება წმენდას, ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შემოდგომიდან გაწმენდს ამათ, ოღონდ უსასყიდლოდ, საკუთარი ძალებით" - დაწერა სოციალურ ქსელში ირაკლი ჯორბენაძემ. 

ოპოზიციური პარტიის ფბ სტატუსს ხულოს მერი გამოეხმაურა:

"როგორც ვხვდები, თქვენ მერიის შენობის ორივე მხარეს, 4 სართულის ფანჯრების გაწმენდას ჩვენს დამხმარეებს დაავალებდით. საბედნიეროდ, ჩვენ არ ვფიქრობთ ამგვარად. ჩვენი დამხმარეები ძალიან კარგები, რომ არიან ფაქტია, მაგრამ, ამ ტიპის დავალებას რომ ვერ შეასრულებდნენ არ უნდა იყოს თქვენთვის ეგ გაურკვეველი. მაგრამ რახან ასეა მინდა იცოდეთ: 1. ნაწილი ფანჯრებისა არ იხსნება, მთლიანი შუშაა და შიდა მხრიდან მიუდგომელია.  2. 4 სართულიანი შენობის 4 სართულის ორივე მხარეს შუშების გაწმენდისთვის რა დრო დასჭირდებოდათ დამხმარეებს ეგ ცალკე საკითხია. 3. ყველაზე მთავარი - უსაფთხოება, ღმერთმა არ ქნას და იმ სიმაღლეზე,ფანჯრის გასაწმენდად გასულ დამხმარეს, რომ რამე მოსვლოდა... გიფიქრიათ ამაზე?? ჩვენ ვფიქრობთ. იმედია ფანჯრები, რომ მოსაწესრიგებელი იყო სადაოდ არ გახდით და არც იმას, რომ ეს სამუშაოები დაქირავებული კომპანიის მიერ ნამდვილად შესრულდა. რაც შეეხება არჩევნებს მე კომენტარისგან თავს შევიკავებ და ოქტომბერში ჩვენი მშობლიური ხულოს საზოგადოება გასცემს პასუხს" - წერს გოჩა მელაძე.

ამ არგუმენტების საპასუხოდ  ოპოზიციამ იმ კომპანიის მუშაობა დაიწუნა, რომელმაც ფანჯრები გაწმინდა. "ეს ფანჯრები ისევ ბინძურია და ხვალ დაგიდებთ "გაწმენდილი" მინების ფოტოებს" - წერს ჯორბენაძე. 

დისკუსია შემდეგ პოლიტიკურ დებატებში გადაიზარდა. 

 

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში