პრეზიდენტი პარლამენტს ურჩევს დღესვე შეცვალოს საარჩევნო კანონი

02 მაისი 2018, 00:00 1989 ნახვა

"ჩემი რჩევა და მოწოდება ამ პარლამენტისთვის, სასწრაფოდ, სანამ შევიდა ახალი კონსტიტუცია ძალაში, შევცვალოთ საარჩევნო კანონი და არა 2024 წელს, არამედ დღესვე ვიფიქროთ კანონის ცვლილებაზ, ხელისუფლების გადანაწილებაზე, რომელიც იქნება სერიოზული წინაპირობა ქვეყნის და მართველი პარტიის სტაბილურობისთვის" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.  

პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანას 2012 წლის შემდეგ ჰქონდა დადებითი დინამიკა და წინსვლა, სახელმწიფო აღარ არის მოძალადე და ხელისუფლების არ ეშინია მოქალაქეებს, თუმცა მარგველაშვილი ფიქრობს, რომ, შესაძლოა, არსებული დინამიკით, ისევ მოხდეს ხელისუფლებაში ძალის კონცენტრაცია, რაც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს. 

"6 წლის განმავლობაში შევასუსტეთ ინსტიტუტები და ვერ შევქმენით უფრო დემოკრატიული სახელმწიფო სისტემა, რომელიც უფრო სწრაფად მიებმებოდა ხალხს. შევედით იმ რეალობაში, რომელშიც შედიოდნენ სხვა პოლიტიკური პარტიები, მაგალითად "მოქალაქეთა კავშირი" ან "ნაციონალური  მოძრაობა", ანუ ხელისუფლების უფლებამოსილების იმხელა კონცენტრაცია ხდება დღეს, რომელიც საშიში ხდება დემოკრატიისთვის, საშიში ხდება მმართველი პარტიისთვის. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ კიდევ ერთხელ დრამატული ცვლილებების ეპოქაში შევიდეთ. დემოკრატია და ხელისუფლების გადანაწილება არის პასუხი მთელ იმ პრობლემებზე, რის წინაშეც ვდგავართ. საქართველოს ისტორიის მაგალითები უნდა გავითვალისწინოთ და დემოკრატია დღეს უნდა მივცეთ ხალხს და ეს უნდა ხდებოდეს თვითმმართველობის დონიდან დაწყებული ხელისუფლების ყველა დონეზე" - განაცხადა მარგველაშვილმა.

იგნორირებისა და ინსტიტუტების შესუსტების პოლიტიკა, კონკრეტულ პოლიტიკოსებს კი არ ასუსტებს, პრობლემას უქმნის ქვეყანას, ფიქრობს პრეზიდენტი და მაგალითად ის ინიციატივები მოჰყავს, რომელიც კონსტიტუციაში შევიდა. 

"ამ კუთხით თუ შევხედავთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ძირითადმა ინიციატივებმა შეასუსტა ქვეყნის დემოკრატია და ინსტიტუტები. გავაუქმეთ თვითმმართველობები და შევასუსტეთ იგი, დღეს ნაკლები თვითმმართველი ქალაქი გვაქვს, ​გავაუ​ქმეთ პრეზიდენტის არჩევნები მოქალაქეების ნების სრულად საწინააღმდეგოდ. ათწლეულობით დაპირებული და დაანონსებული რეფორმა საპარლამენტო არჩევნების კი გადავდეთ 2024 წლისთვის" - ამბობს მარგველაშვილი. 

პრეზიდენტმა 2016 წლის არჩევნებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა არაფერი გააკეთა პოლიტიკური კლასის შესაქმნელად. "მინდა გავიხსენო 2016 წლის არჩევნები, რომელიც  მიზანმიმართული იყო პოლიტიკური კლასის, ქვეყნის მასშტაბით პოლიტიკაში ​მთავარი მოთამაშეების გაქრობაზე. ამ პერიოდში,  პოლიტიკური ოპოზიციის გაძლიერებისთვის, არ შექმნილა არც ერთი კანონი. 2015 წელს კი, საჯაროდ წამების კადრების ჩვენება ევროპული პოლიტიკური კლასიდან ძალიან გვაშორებს" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

ამავე კატეგორიაში