ეს ერთი ხელმოცარული და წარუმატებელი ადამიანის განცხადებაა - ვახტანგაძე ქიქავაზე

04 მაისი 2018, 00:00 3715 ნახვა

საქართველოს პარლამენტის წევრი მუხრან ვახტანგაძე, ჯელალ ქიქავას პასუხობს და ამბობს, რომ  ეს განცხადება გააკეთა ერთმა  ხელმოცარულმა და წარუმატებელმა ადამიანმა, რომელიც  დაბოღმილი და გაბოროტებულია.

მუხრან ვახტანგაძე ჯელალ ქიქავას ჰპირდება, რომ მისი სახელის და გვარის გაგონება კიდევ დიდხანს მოუწევს.

‘’ ვპირდები ჩემი ცილისწამებით ვერაფერს მოიგებს.  მინდა შეეგუოს, რომ მთელი ცხოვრება ჩემს სახელს და გვარს გაიგონებს. ჩემი დანახვა მოუწევს, როგორც ტელევიზიით, ისე ქალაქში.’’

დეპუტატი, ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

‘’ეს არის სრული აბსურდი და აბსურდულ განცხადებებზე კომენტარს არ ვაკეთებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა ერთი რამე, აჭარაში ყველა სპორტსმენი არის ჩვენი დიდი სპორტული ოჯახის წევრი. ყველა მათგანი ჩემი მეგობარია. ნებისმიერი სპორტსმენი საქართველოს ღირსეულად ემსახურება. ხალხმა კი კარგად იცის, ვინ რა სულით სუნთქვას’’ - ამბობს ვახტანგაძე.

‘’ქართული ოცნების’’ დეპუტატი ამბობს, რომ ინციდენტის დღეს ის ქუთაისში იმყოფებოდა, რადგან სასესიო კვირა იყო.

ჯელალ ქიქავასა და მის მეგობრებზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 3 პირი პასუხისგებაში მისცეს. სამივე მათგანი სპორტსმენია.

''ლეიბორისტული პარტიის'' ყოფილი წევრი, დეპუტატ მუხრან ვახტანგაძეს თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებდა.  

"წავიქეცი და დამიწყეს ცემა, ერთი ახალგაზრდა დაიხარა და მოკითხვა შენ ვახტანგაძისგანო, მეორემ წადი ახლა ძაღლებთან გვიჩივლე, ფეხები ვერ მოგვჭამონო.​ ამ ადამიანებს ჰყავთ მფარველი, მე ერთხელ ვამბობ და ადრეც განვაცხადე, რომ მუხრან ვახტანგაძე არის ზონდერი’’ - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან 24 მარტს მიცემულ ინტერვიუში ქიქავამ.

პარლამენტარ მუხრან ვახტანგაძესა და ჯელალ ქიქავას შორის დაპირისპირება თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში დაიწყო. ინციდენტი ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ქიქავას განცხადებას მოჰყვა, სადაც დეპუტატს ზონდერი უწოდა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში