ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პროკურატურამ გამოკითხა

16 მაისი 2018, 00:00 3873 ნახვა

პროექტ „იაფ სახლთან“ დაკავშირებით პროკურატურაში ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები გამოკითხეს. „იაფი სახლის“ მშენებლობასთან დაკავშირებით ბათუმის მერიამ ხელშეკრულება აზერბაიჯანულ კომპანია „კონვენტ ჯორჯიასთან“ 2015 წლის დეკემბერში გააფორმა. 2016 წლის 3 თებერვალს კი კომპანიას ავანსის სახით 1 მილიონ 621 ათასი ლარი გადაურიცხა. ამის შემდეგ კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც 2016 წლის 16 ოქტომბერს ხელშეკრულება შეწყდა და მერიამ კომპანიას თანხების დაბრუნება მოსთხოვა, რაც დღემდე არ შესრულებულა. ფაქტზე  გამოძიება დაიწყო,  დაიკითხული ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, რომელიც ამ ფაქტს ადასტურებს.

პროკურატურაში გამოკითხვას არ უარყოფს ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი და აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, რომელმაც კომენტარზე უარი განაცხადა. დაკითხული არიან მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე, საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე, კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის სხვა თანამშრომლები. ბათუმის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ

 „იაფი სახლის“ პროექტი შეისწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომლის მომზადებულ დასკვნაში წერია, რომ კომპანია „კონვენტ ჯორჯიამ“ წარადგინა ბრიტანულ კომპანია POINT BANK Ltd-ის საგარანტიო წერილი. მოგვიანებით ბათუმის მერიის მიერ მოძიებული მასალებით დადგინდა, რომ დაფუძნებიდან დღემდე, კომპანიას თვითდეკლარირების საფუძველზე, მინიჭებული აქვს ე.წ. არააქტიური კომპანიის კოდი 54 , რაც გულისხმობს, რომ კომპანია არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ გააჩნია შემოსავალი.

„მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების მხრიდან, გადაწყვეტილებების მიღების დროს, გარემოებათა არაჯეროვანი გამოკვლევისა და მოსალოდნელი რისკების შეუფასებლობის გამო, მუნიციპალიტეტს მიადგა არანაკლებ 1,430,342 ლარის ზიანი“ - წერია აუდიტის დასკვნაში.

ჩვენ პროკურატურის პრეესსამსახურის რამდენიმე თანამშრომელს დავუკავშირდით, თუმცა საგამოძიებო უწყებაში ამ დრომდე კომენტარი არ გაკეთებულა. კომენტარს არ აკეთებენ ასევე მერიაში.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში