''ფაშისტური ჯგუფები, ერთი კვირის განმავლობაში ადამიანებს დღის წესრიგს კარნახობდნენ'' - ელენე ხოშტარია

18 მაისი 2018, 00:00 2091 ნახვა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლიდან ბევრ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო. დეპუტატი ამბობს, რომ ''ქვეყანაში ფაშისტების თარეშზე'' გიორგი გახარიას არაფერი უთქვამს. 

''გამიკვირდა, რომ თქვენ გამოსვლაში საერთოდ არ ახსენეთ ფაშისტური ჯგუფების არსებობის პრობლემა და გამოწვევა, იმიტომ, რომ ეს იყო ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი. მთავარი, რამაც ჩვენი ქვეყანა შოკში ჩააგდო არის ის რომ, აღნიშნული ფაშისტური ჯგუფები ერთი კვირის განმავლობაში ფაქტობრივად უწყვეტად დღის წესრიგს კარნახობდნენ ადამიანებს. გაგახსენებთ ამ ჯგუფების შესახებ, ალბათ იცით, მაგრამ მაინც.  ისინი იძახიან, რომ არიან შეიარაღებულები მათ აქვთ ვინჩესტერები, პისტოლეტები, სანადირო თოფები. იმ დღეს აქციაზე, ისინი ამბობდნენ, რომ მოსაკლავი უნდა მოიკლას, სიკვდილი მტერს და დღის წესრიგი ჩვენ გვეკუთვნისო. ასევე, პოლიციის შეურაცხყოფის გზით კორდონის გარღვევას ცდილობდნენ და ადამიანებს ემუქრებოდნენ'' - ამბობს ხოშტარია. 

​უმცირესობის წევრის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი მოძალადე მხარეს გარანტიებს არ უნდა აძლევდეს. 

13 მაისს თბილისში, სამი აქცია პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. პარლამენტის შენობის წინ, “თეთრი ხმაურის” მიერ ორგანიზებული აქცია იმართებოდა. პარალელურად, რუსთაველის გამზირზე იყვნენ შეკრებილები „ქართული მარშის“ წევრები და მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ 9 აპრილის მემორიალს იცავდნენ.

ისმოდა მუქარა და კონტრაქციის მონაწილეები სიძულვილის ენით საუბრობდნენ. 

ამავე კატეგორიაში