''საქართველო რუსეთის წინააღმდეგ'' - საბოლოო მოსმენა სტრასბურგის სასამართლოში

23 მაისი 2018, 00:00 2632 ნახვა

''საქართველო რუსეთის წინააღმდეგ''-  2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტსა და მის შედეგებთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელზე გადაწყვეტილება შესაძლოა 10 წლის შემდეგ  გამოცხადდეს.  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში საქმეზე დღეს ბოლო მოსმენაა.

განახლებული:

საქართველო ისტორიული სამართლის მოლოდინშია. აგვისტოს ომის 10 წლის თავზე შესაძლოა სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადოს. 10 წელია რაც ოფიციალური თბილისი რუსეთის აგრესიაზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას ელოდება. ამ წუთებში 17 მოსამართლე მხარეების დასკვნით სიტყვებს უსმენს. სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ბრიტანელი ადვოკატები იცავენ. სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი თავმჯდომარეობს. მოსამართლეებს შორის არის საქართველოს წარმომადგენელი – ლადო ჭანტურია, ასევე, რუსეთს დიმიტრი დედოვი წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დღეს ბოლო მოსმენა იმართება. სხდომის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მიზნით სათათბიროდ გავა. გადაწყვეტილების გამოცხადებას კი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე დასჭირდება. სტრაბურგში იმყოფება საქართველოს დელეგაცია. რუსეთის წინააღმდეგ 700-მდე ახალ მტკიცებულებაა წარდგენილი. მათ შორის საუბარია კასეტურ ბომბებზე, რომელიც მშვიდობიანი მოქალაქებიის წინაღმდეგ რუსეთმა გამოიყენა. გორის ცენტრში „ისკანდერის“ ჩამოგდება ერთ-ერთი ცენტრალური ეპიზოდი იქნება.

საქართველომ აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ განაცხადი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა, დასაშვებად 2011 წლის 13 დეკემბერს ცნეს, ხოლო 2012 წლის 3 აპრილს საქმე განსახილველად დიდ პალატას დაეწერა. 2016 წლის 6 ივნისიდან 17 ივნისამდე პერიოდში საქმეზე 33 მოწმე გამოიკითხა, მათ შორის, 16 საქართველოს მთავრობის მიერ იყო გამოძახებული, 11 - რუსეთის, ხოლო 6 თვითონ სტრასბურგის სასამართლოს მიერ.  საქართველო რუსეთს ედავება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის და შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებათა უხეშ და მასობრივ დარღვევებს. კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა დაარღვია ევროკონვენციის მუხლები სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, გადაადგილების თავისუფლების შესახებ. აგვისტოს ომის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ სტრასბურგის სასამართლო ინდივიდუალური სარჩელების განხილვას დაიწყებს. არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლს" 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ევროპის ადანიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში 400 ინდივიდუალური სარჩელი აქვს გაგზავნილი. აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ომის საქმე არის მეორე სახელმწიფოთაშორისი სარჩელი, რომელიც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა. პირველი 2006 წლის საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დაპატიმრების, დაკავებისა და რუსეთიდან კოლექტიური გაძევების ფაქტებს ეხებოდა, რაც სტრასბურგის სასამართლომ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლების დარღვევად მიიჩნია და რუსეთს კომპენსაციის გადახდა დააკისრა. დღევანდელი პროცესია საქართველოსთვის, რუსეთისა და თავად სასამართლოსთვისაც ისტორიულია. აღსანიშნავია რომ საქართველო წელს რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს ზეიმობს, ამიტომ საქართველო უპრეცედენტო ვერდიქტის მოლოდნშია

 

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში