კვარიათის პლაჟზე 12 სართულიანი კორპუსი იგება - ბათუმის მერი კი ირწმუნება, რომ ნებართვის გაცემის ვალდებულება ჰქონდა

24 მაისი 2018, 00:00 4706 ნახვა

კვარიათში, სანაპიროს პირველ ზოლში, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. კვარიათში, სადაც ძირითადად, ოთხსართულიანი განაშენიანებაა, ახალი სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს შპს „ტმი“ აშენებს.

პლაჟზე ჩადგმული კორპუსი 12- სართულიანი იქნება, ნებართვის გამცემი კი ქალაქ ბათუმის მერიაა.

სამი თვის წინ, კვარიათის დასახლების მცხოვრებლებმა ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მშენებლობების შეჩერება წერილობით მოსთხოვეს. ადგილობრივების შეშფოთებას ის ფაქტი იწვევს, რომ კორპუსი დაფარავს ორსართულიან პატარა სახლებს, რომლებიც მთასა და ზღვას შორისაა მოქცეული. „ბეტონის კედლებით იფარება ზღვის ხედები და წყდება ჰაერის ცირკულაცია, აგრეთვე ზიანი ადგება ბუნებას“, - წერია განცხადებაში, რომელსაც 30-ზე მეტი მოსახლე აწერს ხელს.

"ეს არის დასასვენებელი ადგილი. როდესაც ადამიანი ჩამოდის, ვერ ისვენებს ხმაურის გამო და ბეტონის ხროვის გარდა ვერაფერს ვერ ხედავს, ეს უკვე დასასვენებელი ადგილი აღარ არის. ამ მრავალსართულიანმა სახლებმა დაამახინჯა ჩვენი სოფელი კვარიათი, დახურა ყველა ხედი და სილამაზე, რაც უნდა ჩანდეს. ახლა რა გამოდის? მეორე ზოლში დაბალი შენობებია და პირველში ისეთი შენობები, რომლებიც ამ სილამაზეს ფარავს. ამ უმსგავსობასა და უწესობას ბოლო უნდა მოეღოს და ჩვენ ყველანაირ კანონიერ ზომას მივმართავთ, რომ ამას დავუპირისპირდეთ“ - განაცხადა ''რადიო თავისუფლებასთან'' თემურ კაკაბაძემ, რომელიც დოკუმენტის ხელმომწერია, თუმცა  რატომ შენდება აქ მაღლივი კორპუსი, პასუხი მერიიდან ვერ მიიღო.

კვარიათის მაცხოვრებლები  ირწმუნებიან, რომ ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, მათ ქონებას ფასი ეკარგება, კვარიათის საკურორტო ღირებულება კი კნინდება, რადგან "ულამაზეს ლანდშაფტს ბეტონით ფარავენ".

"პატარა სახლებს ერთ მხარეს მთა აკრავს, მეორე მხარეს ზღვა, რომელიც ამხელა კორპუსით დაიფარება, ფაქტობრივად, მზე საერთოდ არ მოხვდება ჩვენს დასახლებაში. ამხელა ტერიტორია სად არის კვარიათში, რომ ამხელა კორპუსი ჩაიდგას, რაღაცა კოეფიციენტი ხომ უნდა იყოს დაცული?" - ამბობს ჯუმბერ მემიშიში, რომელის მტკიცებით ადგილობრივებს საკუთარ მიწაზე მშენებლობის ნებართვას ამ დრომდე არ აძლევენ.

რატომ გადაწყვიტა ბათუმის მერმა, კვარიათის პლაჟზე 12 სართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვა გაეცა? აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ლაშა კომახიძე ირწმუნება, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის ვალდებულება ჰქონდა, რადგან პროექტი მის მოსვლამდე იყო შეთანხმებული.

"ეს არის ფრანგული ინვესტიციაა. მე უკვე დამხვდა ხელმოწერილი პროექტი მერიაში. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულება გვქონდა ნებართვა გაცემულიყო, თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ერთდერთი ფრანგული ინვესტიციაა აჭარაში"' - განაცხადა მერმა.

მაუწყებლის კითხვაზე, რატომ გაიცა 12 სართულიანი შენობის აგების ნებართვა, როცა კვარიათის სანაპირო ზოლში 3-4 სართულიანი განაშენიანებაა და იგი სოფლის ლანდშაფტს არღვევს, კომახიძე ამბობს, რომ ეს არ არის ერთადერთი მაღალი კორპუსი კვარიათში.

"ეს არ არის ერთადერთი მაღალი კორპუსი კვარიათში, თუმცა ახალი მშენებლობა უნდა ჯდებოდეს არსებულ ლანდშაფტში, ჩვენ ამის გამო მაქსიმალურად ვეცადეთ და შევაცვლევინეთ  პროექტი, დავამატებინეთ ვერტიკალური გამწვანება. კიდევ ერთხელ ვამბობს, რომ ჩვენ დაგხვდა ეს პროექტი ხელმოწერილი და აუცილებელი იყო გაცემულიყო ნებართვა. სხვა მხრივ, ვცდილობთ მოვერიდოთ სანაპირო ზოლში მშენებლობების ნებართვების გაცემას, ვიდრე არ მივიღებთ გენერალურ გეგმას" - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

 

ფოტო: ეკა ლორთქიფანიძე 

ამავე კატეგორიაში