მადლობის ჟესტი ლიტვას - დღეიდან საქართველოში ლიტვას ოფიციალურად ლიეტუვად მოიხსენიებენ

24 მაისი 2018, 00:00 2313 ნახვა

დღეიდან საქართველოში ლიტვას ოფიციალურად ლიეტუვად მოიხსენიებენ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia აცხადებს. 

უწყებაში ამბობენ, რომ ეს მადლობის ჟესტია და ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელებას დაამკვიდრებენ. 

"დღეიდან, ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება - ლიეტუვა (Lietuva) დამკვიდრდა. რეკომენდაცია სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა გასცა, ექსპერტთა კომისიამ გადაწყვეტილება 11 მაისის მიიღო. 

გადაწყვეტილება საპასუხო მეგობრულ ჟესტს წარმოადგენს მიმდინარე წლის 3 მაისს, ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის მიერ, ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრებაზე, რაც გახლდათ ლიტვის მხარის მორიგი მეგობრული ნაბიჯი საქართველოსადმი".

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიეტუვასა და საქართველოს გადაწყვეტილებები უაღრესად სიმბოლურია, ვინაიდან წელს ორივე ქვეყანა საიუბილეო თარიღს აღნიშნავს - ლიეტუვა სახელმწიფოებრიობის აღდგენის მე-100 წლისთავს, ხოლო საქართველო  პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს.

ამავე კატეგორიაში