შსს-მ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავა

25 მაისი 2018, 00:00 1992 ნახვა

სამართალდამცველებმა თბილისში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებებს ინტერნეტისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით ყიდდა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ბოლო სამი თვის განმავლობაში, საქართველოში 5-5 დღით პერიოდულად ტურისტული ვიზიტით ჩამოდიოდა. ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე ტოვებდა, სურათებს უღებდა და შესაბამისი ნუმერაციით აღრიცხავდა. იგი სამალავების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას შემკვეთებს აწვდიდა.

ბრალდებულმა საქართველოში ვიზიტების პერიოდში ნარკოტიკული საშუალება სულ 1709 ადგილზე მოათავსა.

''სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის ზღვის მიმდებარე პარკში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნარკოტიკულ საშუალებას სამალავებში ათავსებდა. ს.ზ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 18 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან 119 შეკვრა „ჰაშიში“, ხოლო დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 61 შეკვრად დაფასოებული იგივე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ამოღებულ ნარკოტიკებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიების ფარგლებში, დაკავებულის კუთვნილი მობილური ტელეფონისა და კომპიუტერის დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა მის მიერ თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებულ სამალავებში რეალიზაციის მიზნით ჩადებული ნარკოტიკული საშუალებების ფოტოები და სხვა სახის ელექტრონული მტკიცებულებები'' - განაცხადა ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ. 

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში