მთავარი პროკურორის არჩევის წესი

01 ივნისი 2018, 00:00 1424 ნახვა

ვიდრე პარლამენტი ახალ მთავარ პროკურორს არ დაამტკიცებს, ირაკლი შოთაძის მოვალეობას პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე შეასრულებს.

“პროკურატურის შესახებ“ კანონის თანახმად მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრი დაუყოვნებლივ, მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად იწყებს კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან. აღნიშნული კონსულტაციები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს.

კონსულტაციების შედეგად შერჩეულ არანაკლებ სამ კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი და დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას.

ამის შემდეგ პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს მთავრობას, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს.

პარლამენტი, რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

ამავე კატეგორიაში