მემანქანეების გაფიცვა - თბილისში ყველა მეტროსადგური დაკეტილია

04 ივნისი 2018, 00:00 1962 ნახვა

მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო, თბილისში ყველა მეტროსადგური დაკეტილია. ისინი ამ ფორმით ხელფასების გაზრდას ითხოვენ.

დღეს დილით მოქალაქეებს მეტროს შესასვლელში წარწერა დახვდათ – „მეტრო დაკეტილია, გთხოვთ ისარგებლოთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ”.

გლდანში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე „ერთობა 2013“-ის წევრები ამ წუთებში აქციას მართავენ. ისინი შიმშილობის დაწყებასაც გეგმავენ. 

ფაქტს თბილისის მერი ბრიფინგზე გამოეხმაურა. კახი კალაძემ მემანქანეების გაფიცვა შანტაჟად შეაფასა. 

''მე, როგორც თბილისის მერი, რომელიც ანგარიშვალდებულია მერიის მუნიციპალიტეტის 24000-ზე მეტი თანამშრომლისა და დედაქალაქში მცხოვრები მილიონ ნახევარი მოსახლის წინაშე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ დავუშვებ, რომ თბილისის მოსახლეობა დაზარალდეს შანტაჟისა და გაურკვეველი, სრულიად დაუსაბუთებელი ულტიმატუმების გამო'' - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

მეტროს მემანქანეთა გაფიცვის პერიოდში თბილისში, მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ. 

მეტროს მემანქანეებს „სამუშაო საათების განმავლობაში“ გაფიცვის უფლება, თბილისის საქალაქო სასამართლომ განუსაზღვრელი ვადით, 21 მაისს შეუზღუდა. 

სასამართლოს განჩინებით, მემენქანეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაფიცვის უფლებით არასამუშაო საათებში ისარგებლონ.

ამავე კატეგორიაში