საკონსტიტუციო სასამართლო კომუნიკაციის შეურაცხმყოფელი ფორმების გამოყენებას ემიჯნება

06 ივნისი 2018, 00:00 1638 ნახვა

მოქალაქე გია ფაცურია ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში წერია, რომ მოსამართლეებს განსაკუთრებულად მოეთხოვებათ ეთიკის ნორმების დაცვა. საკონსტიტუციო სასამართლო კი კომუნიკაციის შეურაცხმყოფელი ფორმების გამოყენებას ემიჯნება. 

''საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გამოთქვამს წუხილს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლესა და ერთ-ერთ მოსარჩელეს შორის, სოციალურ ქსელში მომხდარი ინციდენტის გამო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიესალმება და ემიჯნება კომუნიკაციის შეურაცხმყოფელ ფორმების გამოყენებას. საჯარო სივრცეში აზრის დაფიქსირებისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს განსაკუთრებულად მოეთხოვებათ ეთიკის ნორმების დაცვა.

დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო ხელისუფლების საქმიანობას ხშირად თან სდევს კრიტიკა, მათ შორის, ზოგჯერ დაუსაბუთებელიც. შესაბამისად, სასამართლოს წევრებს მართებთ გარკვეული კრიტიკის მიღება და დაუსაბუთებელ, შეურაცხმყოფელ, განცხადებებზე არაკორექტული ფორმით რეაგირებისაგან თავის შეკავება'' - წერია განცხადებაში. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ფაქტის სამართლებრივი შეფასება  მოხდება და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეაგირებაც.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, თამაზ ცაბუტაშვილი  არაკორექტული გამონათქვამების გამო  საზოგადოებას ბოდიშს უხდის. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში